National Geographic-მა საქართველოს სპეციალური ნომერი მიუძღვნა

გამოწერა
120 გვერდიანი ნომერი მკითხველებს მოუთხრობს, რატომ უნდა მოინახულონ საქართველო თუნდაც ერთხელ. ჟურნალში აღწერილია ქვეყნის მთისა და ზღვის კურორტები, ღირსშესანიშნაობები და ძეგლები, მოთხრობილია საქართველოს კულტურაზე.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჟურნალმა National Geographic-მა სპეციალური ნომერი მიუძღვნა საქართველოს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ჟურნალი შეზღუდული ტირაჟით გამოიცა — სულ 35 ათასი ეგზემპლარი, საიდანაც 30 ათასი რუსეთსა და ყაზახეთზეა გათვლილი, ხოლო დანარჩენ 5 ათასს საქართველოს საელჩოებში დაგზავნიან სხვადასხვა ქვეყნებში.

ჟურნალი ორ ენაზე დაიბეჭდა: ინგლისურად „(15 ათასი) და რუსულად (20 ათასი).

120 გვერდიანი ნომერი მკითხველებს მოუთხრობს, რატომ უნდა მოინახულონ საქართველო თუნდაც ერთხელ. ჟურნალში აღწერილია ქვეყნის მთისა და ზღვის კურორტები, ღირსშესანიშნაობები და ძეგლები, მოთხრობილია საქართველოს კულტურაზე. სტატიებზე მუშაობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორები.

როგორც National Geographic Georgia-ს თანამშრომელი ლევან ბუთხუზი ამბობს, ადამიანები ამ ჟურნალის წაკითხვის შემდეგ გადაწყვეტენ, რომ სჯობს თუნდაც ერთხელ ნახონ საქართველო, ვიდრე ათასჯერ წაიკითხონ მის შესახებ.

National Geographic-ის სპეციალური ნომრის პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტურისმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ჟურნალის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.  

პროექტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა იმისათვის, რომ უცხოელებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა გააცნოს.

ყველა ახალი ამბავი
0