თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა თბილისში, პარლამენტის წინ აქცია გამართეს და სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით შრომის დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 28 აპრილს აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, გაერთიანებულმა პროფკავშირებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს და სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პარლამენტთან პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა არსებული შრომითი კანონმდებლობა გააპროტესტეს.
აქციაზე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მინდელის შახტში მომხდარზე პროფკავშირები უახლოეს მომავალში სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.
„ჩვენ ჩართულები ვართ პროცესებში. საქართველოში მაღალი დონის სპეციალისტები ჩამოვიყვანეთ. მანამდეც გვქონდა განსხვავებული შეხედულება და ეჭვი 5 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ეს ეჭვი კიდევ უფრო გაგვიძლიერდა. როდესაც საბოლოო დასკვნას მივიღებთ ჩვენ მიერ ჩამოყვანილი სპეციალისტებისგან, რაც ეჭვს უფრო მეტად დაგვიდასტურებს, აუცილებლად გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას“, – აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.
გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 473 და მძიმედ დაშავდა 805 დასაქმებული. 2018 წლის სამ თვეში უბედური შემთხვევების შედეგად სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 18 ადამიანი, ხოლო სხეულის მძიმე დაზიანებები მიღო 12–მა ადამიანმა.