გახდება თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი

გამოწერა
საქართველოში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის საკითხი 2016 წელსაც დაისვა

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, შესაძლოა, დასჯადი ქმედება გახდეს, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იდეის დონეზე მხარი უკვე დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია

კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი, ავტორი კი საზოგადოება „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ფულადი ჯარიმის ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის დაწესებას ითხოვს.

ემზარ კვიციანის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების შეტანას, კერძოდ, სპეციალური მუხლის "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ" დამატებას ისახავს მიზნად.

თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი, 1551 —ე მუხლი დაემატება, რომლის მიხედვით:

1. რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას — დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით — ერთ წლამდე.

2. რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება — დაისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და წმინდანების შეურაცხყოფაა.

„სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები. რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. საკანონმდებლო სივრცეში რელიგიური შეურაცხყოფის დასჯის არარსებობა, მოქალაქეებს უბიძგებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ",- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ინიციატივა 24 აპრილს ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს და იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან. ამ ჯგუფმა კვიციანის კანონპროექტი უნდა გადაამუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს. სწორედ ეს ჯგუფი მოამზადებს და გადაამუშავებს კანონპროექტს პარლამენტის სხდომაზე წარსადგენად.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შელახვაზე, შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს

საქართველოში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის საკითხი 2016 წელსაც დაისვა.

„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ" კანონპროექტის ავტორი მაშინაც ზვიად ტომარაძე იყო. ტომარაძის ინიციატივა პარლამენტს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა წარუდგინა.

ინიცირებული კოდექსი ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, რელიგური სიწმიდეების, რელიგიური ორგანიზაციების, მღვდელმსახურებისა და მორწმუნეების მიმართ საჯარო სიძულვილის გამოხატვა, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შემლახველი მასალების გამოქვეყნება და რელიგიური ნაგებობებისა თუ სხვა სიწმიდეების შებღალვა–დაზიანება  300–დან 600 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებდა.

 რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტს არ განუხილავს, რადგან კანონპროექტის ინიციატორმა, სოსო ჯაჭვლიანმა პროექტი უკან გაითხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0