„ეს მტკივნეული პროცესი იქნება": კალაძე ტექდათვალიერებაზე

გამოწერა
საქართველოში 1,19 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან 46%-ის გამოშვების ასაკი 20 წელზე მეტია

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექდათვალიერება მტკივნეული პროცესი იქნება — ბევრი ავტომობილი ვერ შეძლებს მის გავლას, მიაჩნია თბილისის მერ კახა კალაძეს.

საქართველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა ავტომობილი გაივლის ინსპექტირებას. 2018 წლის 1 ივლისიდან — ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები. ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან — ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა დანარჩენი ავტომანქანა გაივლის.

საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში ტექდათვალიერება ამოქმედდა

„ცნობილია, რომ სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილებმა ტექდათვალიერება 1 ივლისიდან, კერძო ავტომობილებმა კი 1 იანვრიდან უნდა გაიარონ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გთხოვთ, ამას პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებთ. პროცესი იქნება მტკივნეული, სავარაუდოდ, ბევრი ავტომობილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის", — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან — სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ). აღნიშნული ავტომანქანები მეტ საწვავს მოიხმარენ და მავნე გამონაბოლქვით ჰაერით დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.

სავალდებულო ტექდათვალიერებას არ ექვემდებარება მოპედები, ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სიჩქარე საათში 25 კილომეტრს არ აღემატება, ასევე მისაბმელები, რომელთა წონა 750 კილოგრამიდან 3,5 ტონამდე მერყეობს.

ამასთან, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში აღარ შეიძლება გადატანილი საჭის მქონე ავტომობილების იმპორტირება და რეგისტრირება. აიკრძალება ასევე საჭის გადატანა მარჯვნიდან მარცხნივ.

მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების გავლა შესაძლებელი იქნება აკრედიტებულ სერვის–ცენტრებში. მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების — 100 ლარი ეღირება.

თუ შემოწმებისას ავტომობილი რეგლამენტით დადგენილ ამა თუ იმ კრიტერიუმს არ შეესაბამება, მის მფლობელს გაუმართაობის აღმოსაფხვრელად ერთი თვის ვადა მიეცემა. ამის შემდეგ ის კიდევ გაივლის ინსპექტირებას, მაგრამ უკვე – უფასოდ და შეამოწმებს მხოლოდ იმ კომპონენტს, რომელსაც პირველი შემოწმებისას ხარვეზები აღმოაჩნდა.

მოძრაობა თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
რა ელოდებათ მძღოლებს ავტომანქანების ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ

ტექდათვალიერების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სწრაფი გადახდის აპარატებით, ინტერნეტით ან საბანკო ბარათით, რათა სერვის–ცენტრებში ნაღდი ფულის მიმოქცევა და ფინანსური გაუგებრობები იქნას თავიდან აცილებული.

ამჟამად საქართველოში 25 სერვის–ცენტრი ფუნქციონირებს ავტომობილების შემოწმების 37 ხაზით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრები იმგვარად არის განთავსებული, რომ ქვეყნის რეგიონებს მაქსიმალურად მოიცავს.

უახლოეს პერიოდში რეგიონებში დაახლოებით 70 ხაზის დამატება იგეგმება, რაც მძღოლების მომსახურების ხელმისაწვდომობასა და სისწრაფეს გაზრდეს.

ის მძღოლები, რომლებიც უგულებელყოფენ სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ დათვალიერებას, საქართველოს კანონმდებლობით, დაჯარიმდებიან 10 ლარით, ხოლო იურიდიული პირები – 100 ლარით.

მაგრამ იგეგმება ჯარიმების გაზრდა: ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის — 200 ლარი. გარდა ამისა, 50 ლარით დაჯარიმდებიან მძღოლები, რომლებიც იმოძრავებენ ავტომობილით, რომელმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0