თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ახალაიასთან ერთად ამ საქმეზე პატიმრობის 4 წელი დაუსწრებლად მიესაჯა მის ყოფილ მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილს, რომელიც ამჟამად ძებნაშია.
ახალაია დამნაშავედ ცნეს თეთრაძის წამების ორგანიზაციისთვის, ასევე შემდეგი მუხლებით: „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ“, „სექსუალური ხასიათის, ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება“, „სამსახურებრივი სიყალბე“ და „დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისებაში დახმარება“.
სასამართლომ დათა ახალაიას განაჩენი ძალაში დატოვა >>
რაც შეეხება ძიმცეიშვილს, ის დამნაშავედ ცნეს მუხლებით „სამსახურებრივი სიყალბე“ და „დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისებაში დახმარება“.
პოლკოვნიკი თეთრაძე, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, ასევე გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი შპიონაჟს ბრალდებით ქართველმა სამართალდამცველებმა 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს და 19 სექტემბერს მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
იმავე დღეს, როგორც მაშინ პროკურატურამ განაცხადა, თეთრაძე სასჯელაღსრულების №18 სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა, სადაც ის გლდანის №8 ციხიდან გადაიყვანეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თეთრაძის გარდაცვალების მიზეზი გულსისხლძარღვთა უკმარისობა და გულის იშემიური დაავადება გახდა.
2011 წლის ოქტომბერში ყველა ბრალდებული შპიონაჟში დამნაშავედ ცნეს.
სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა შეუფარდეს >>
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 14 ნოემბერს პროკურატურამ ხელახლა დაიწყო თეთრაძის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება და დაადგინა, რომ 2011 წელს მოყვანილი ყველა მონაცემები არასწორია და ის სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებების და წამების შედეგად გარდაიცვალა.
„კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონსმოუსვლელად“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რაც შეეხება ფულადი სახსრების გაფლანგვას, პროკურატურის მონაცემებით, 2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ უკანონოდ მიითვისა 60 000 ლარი. ახალაიამ და ძიმცეიშვილომა ძველი რიცხვით შექმნეს ყალბი დოკუმენტი, სადაც დაფიქსირდა, რომ თანხა თითქოს ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გაიცა.
ახალაიას და ძიმცეიშვილის გარდა, ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს, ამ ციხის თანამშრომლებს — ვიქტორ ყაჭეიშვილსა და ოლეგ ფაცაციას, რომლებსაც 2014 იანვარში 9 წლით პატიმრობა შეეფარდა. მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაძეს პატიმრობა შეეფარდა დაუსწრებლად და მათზე ამჟამად ძებნა არის გამოცხადებული.
რაც შეეხება „შპიონაჟის საქმეს“, 2016 წლის მარტში თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრაძე, გორელაშვილი, ჩაპლიგინი და ლონდარიძე გაამართლა.
ახალაია ციხეში 2012 წლის ნოემბრიდან იმყოფება. ამ პერიოდში მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას უკავშირდება.
2014 წლის ოქტომბერში თბილისის სასამართლომ „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე“ ახალაიას 7 წელი და 6 თვე მიუსაჯა.