დათა ახალაიას ახალი განაჩენი: 12 წელი მკვლელობისთვის

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო ჩაქუჩი
სასამართლო ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს დათა ახალაიას განზრახ მკვლელობისა და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ახალაია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სპეცოპერაცია თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წლის იანვარში ჩატარდა. მაშინ ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს სპეცოპერაცია რუსთავის ციხეში აჯანყების თავიდან აცილების მიზნით ჩატარდა. სპეცოპერაციისას მოკლეს ეჭვმიტანილები — შოთა გორგაძე, მარად არმელაძე და რომან სურმანიძე. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.

დაკავება - Sputnik საქართველო
პროკურატურა: მიმდინარე წლის 9 თვეში 19 ყოფილი მაღალჩინოსანს გამოუტანეს განაჩენი

„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ მართლზომიერების გამოძიებამ ყოფილი თანამდებობის პირების ბრალეულობა დაადგინა. საქმე სასამართლოს გადაეცა.

შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ორი ან მეტი პირის ჯგუფურად მკვლელობის, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მუხლებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში. 

საქმის მეორე ფიგურანტს — სამხედრო პოლიციის უშიშროების სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი დგებუაძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა — ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში დახმარებისა და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

დათა ახალაიამ საქართველო 2012 წლის ოქტომბერში დატოვა. იმავე წლის დეკემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს მიმართა და მასზე ძებნა გამოაცხადა. 2014 წლის მარტში ახალაია საბერძნეთის ქალაქ პატრაში დააკავეს, საიდანაც ის ოთარ ურუშაძის პასპორტით იტალიაში გადასვლას ცდილობდა. საბერძნეთის სასამართლომ მისთვის პატიმრობის შეფარდება არ ჩათვალა მიზანშეწონილად, ხოლო 2016 წლის მარტში ინტერპოლმა ახალაიას ძებნა საერთოდ შეწყვიტა, რადგან მის დევნაში პოლიტიკური ნიშნები დაინახა.

გიორგი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
გიორგი ლორთქიფანიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

რაც შეეხება დგებუაძეს, მანაც, ახალაიას მსგავსად, საქართველო 2012 წელს დატოვა. ინტერპოლით ძებნილი გიორგი დგებუაძე 2014 წელს ჰოლანდიაში დააკავეს. ამ ხნის განმავლობაში მისი ექსტრადირების შესახებ საქართველოს მთავრობა ჰოლანდიის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 2016 წლის მარტში ქართულმა მხარემ მის ექსტრადიციას მიაღწია.

2014 წელს „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ შსს-ს ორ ყოფილ თანამშრომელს — გიორგი მაზმიშვილსა და ლევან ქარდავას თითოეულს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ვერსიით, „ნავთლუღის სპეცოპერაცია“ პატიმართა დასაშინებლად დაიგეგმა. მომავალი აჯანყების საბაბით მოწყობილი სპეცოპერაციის შემდეგ რუსთავის ციხეში პატიმართა წამება დაიწყო. პროკურატურის მონაცემებით, წამებაში მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, დათა ახალაიას ძმა ბაჩო ახალაია, ასევე შსს-ს ყოფილი თანამშრომელი მეგის ქარდავა. ამ საქმესთან დაკავშირებით თითოეულ მათგანს 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყველა ახალი ამბავი
0