თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 9 თვეში 19 ყოფილი მაღალჩინოსანის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს მიაღწია, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ანგარიშში გაწეული მუშაობის შესახებ. რომელიც პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივ და სამოხელეო დანაშაულებთან დაკავშირებით, 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება დაიწყო 200-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა — 185 ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების: შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსის, სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილის, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მიმართ.
აღნიშნული საქმეებიდან, სასამართლოში განსახილველად წარიმართა 145 პირის მიმართ წარდგენილი დანაშაული, რომელთაგან 100 პირის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი (დაახლოებით 360-მდე დანაშაულებრივ ეპიზოდზე), ხოლო 8 პირის მიმართ — გამამართლებელი განაჩენი.