თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ბოლაჯურის ადმინისტრაციულ ერთეულში როლანდ ჩხიტუნიძე დააკავეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, ჩხიტუნიძემ მოქალაქეს საქონლის ყალბი წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი. ის თანხის აღების დროს დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.