თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისში აქცია „ნუ მოკლავ – აღასრულე სამართალი“ გაიმართება, განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
ზაზა სარალიძის თქმით, აქცია 24 აპრილს იგეგმება. ამავე დღეს, 10:30 საათზე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესია ჩანიშნული. საპროტესტო აქცია კი სხდომის პარალელურად 11:00 საათზე სასამართლოს შენობასთან დაიწყება.
ზაზა სარალიძეს მიაჩნია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არ მიმდინარეობს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ დაკავებული მოზარდების გარდა, კიდევ ორი მოზარდი უნდა დააკავონ. ზაზა სარალიძე ირწმუნება, რომ პროკურატურა მოწმეებზე ზეგავლენას ახდენს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის ორი ადამიანი, რომელიც გარეთ არის, მკვლელები არიან. მათ შორის ერთი არის კალანდია“, — აცხადებს სარალიძე.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.
ადვოკატი ნათია შარაშენიძე აცხადებს, რომ იმ მოზარდმა, რომელიც მოწმის სახით იკითხება, ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ეს ის მოზარდია, რომელიც 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მისი დეიდაშვილის თხოვნით მივიდა, რომელსაც თანასკოლელებთან კონფლიქტი ჰქონდა.
„მან არაერთხელ შეცვალა ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებთანაც კი. მოწმეზე ზეწოლა არაერთი მხრიდან მიმდინარეობს. ის თავის გადასარჩენადაც ცვლის ჩვენებას”, — განაცხადა ნათია შარაშენიძემ.