თბილისი, 21 მარტი — Sputnik. „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი" საერთაშორისო ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით სკოლებში ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამის მესამე ეტაპს იწყებს, ნათქვამია ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2018 წელს საპილოტე პროგრამაში თბილისის N156 და N31 საჯარო სკოლები ჩაერთვება.
პროექტის ფარგლებში სკოლებში დაინერგება ანტიბულინგური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მუშაობას მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და ადმინისტრაციასთან. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სკოლებში ბულინგის მიმართულებით მუშაობს, არასრულწლოვნებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას გაუწევს.
ანტიბულინგური პროგრამის სკოლებში დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წელს სახალხო დამცველის მონიტორინგის დროს, რომელიც 2016-2017 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს 109 სკოლაში ჩატარდა, მოსწავლეების მიმართ ძალადობის ფაქტები გამოვლინდა.
ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ სკოლებში დასაქმებულ ადამიანებს "ძალადობის" ზუსტი განსაზღვრება არ ესმით. უფრო მეტიც, მათ არ შეუძლიათ განასხვავონ დისციპლინარული ზომები ძალადობისგან, აღნიშნა ქურციკიძემ. ყვირილი, დამცირება, ხშირ შემთხვევებში — ცემა მათ სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუმენტი ჰგონიათ და არა ძალადობა ან ბავშვის დამცირება, ნათქვამია ანგარიშში.