შოთა სასჯელს იხდის ერთ-ერთ ბანკში ფინანსური მაქინაციის გამო. ის ციხეში 3,5 წელია — წინ კიდევ ოთხი დარჩა. ამ პერიოდში იმდენად კარგად მოემზადა, რომ სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის შესწავლა დაიწყო.
„აქედან თავისუფლება უსაზღვრო შესაძლებლობად ჩანს, როცა გარეთ ხარ, ვერ აფასებ ამას. ძალიან არ ვნერვიულობ, ალბათ უკვე შევეჩვიე, მაგრამ არ შევეგუე. ხანდახან ჩემი თავი დამიჭერია იმაზე, რომ ყოფილა მომენტები, როცა დრო არ მყოფნის, ეს უფრო სასიამოვნო მომენტი არის, დაკავებული რომ ხარ, საქმიანი რომ ხარ“, — უამბო შოთამ ტელეარხ „იმედს“ (Imedi).
განათლება მისთვის ერთადერთი ხსნა გახდა. იმ დროს, როდესაც ციხეში ყოველდღიურ დღის წესრიგში მხოლოდ ჭამა და ძილია, შოთამ სწავლა გადაწყვიტა, რათა დრო სასარგებლოდ გამოეყენებინა, და ინტენსიური მეცადინეობის ოთხი-ხუთი თვის შემდეგ მაგისტრატურაში გამოცდები ჩააბარა.
შოთამ თავი თარჯიმნის ამპლუაშიც სცადა, ინგლისურიდან ქართულად თარგნმა დაიწყო, რისთვისაც თარჯიმნის სერტიფიკატი მიიღო. აპირებს თარგმნოს წიგნი ინვესტირების შესახებ, მაგრამ ამბობს, რომ ჯერჯერობით ამისთვის დრო არ აქვს.
მსჯავრდებული ინგლისურზე არ გაჩერდა და რამდენიმე თვის წინ არაბული ენის სწავლა დაიწყო. ამაში მისი ყოფილი თანამოსაკნის დამსახურებაა, რომელსაც თან ჰქონდა ყურანი და ლექსიკონი — მათი ბიბლიოთეკა ამით შემოიფარგლებოდა.
დღეს მარტყოფლიშვილს იმედი აქვს, რომ ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ. ამბობს, რომ მეტ დროს დაუთმობს ახლობლებს — დედას, ძმას და პატარა ძმისშვილს. შემდეგ თავისი მთავარი ოცნების ასრულებას ეცდება — მხატვრული ლიტერატურის თარგმნას.
„ალბათ, შევიცვალე. არა, ალბათ კი არა, შევიცვალე. იმედი მაქვს, რომ შევიცვალე“, — აღიარებს მარტყოფლიშვილი.
2018 წლის 1 იანვრიდან მსჯავრდებულებს დისტანციური სწავლის საშუალება აქვთ და სასჯელის მოხდის პერიოდში სრულფასოვანი განათლების მიღება შეუძლიათ. ადრე პატიმრებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, მხოლოდ საშუალო და პროფესიული განათლების მიღება შეეძლოთ.