თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. მოზარდის ბულინგის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ შსს-ში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ვიდეო აიტვირთა Youtube-ზე 2017 წლის სექტემბერში, თუმცა სოციალურ ქსელებში ის მხოლოდ შაბათს გავრცელდა. ამ მომენტისათვის ვიდეო დაბლოკილია. ტელეკომპანია TV Pirveli-ს ეთერში გავიდა ნაწყვეტი, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე მოზარდი ამცირებს თავის თანატოლს — აყენებენ შეურაცხყოფას და ურტყამენ, რათა მან შესაძლო სექსუალური კავშირი ვიღაც მამაკაცთან აღიაროს.
„სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა“, — ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულზე მსჯავრდებულების შეწყალებას დროებით წყვეტს >>
შსს მუშაობს სხვა ადამიანების გამოვლენაზე, რომლებიც ამ დანაშაულთან არიან დაკავშირებულნი.
ვიდეოკადრებით შოკირებულია საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მან განაცხადა, რომ საჭიროა ბავშვთან ფსიქოლოგმა იმუშაოს, რათა ის განმეორებითი ბულინგის მსხვერპლი არ გახდეს.
„აუცილებელია, რომ ვიდეოში იდენტიფიცირებულ ბავშვს, რომელიც აშკარად არის ძალადობის მსხვერპლი, გაეწიოს დახმარება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მასთან უნდა იმუშაონ სოციალურმა მუშაკმა, ფსიქოლოგებმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა მოხდეს იმ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც ბავშვი სწავლობს, რათა ის განმეორებითი ძალადობის და ბულინგის მსხვერპლი არ გახდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ვიდეოში მისი იდენტიფიკაცია ხდება, არსებობს საფრთხე, რომ მომავალში მასზე გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდეს“, — განუცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებს.
როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა – განათლების სამინისტროს ხედვა >>
მომხდარით აღშფოთებულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე.
„სიტყვები არ მყოფნის, იმდენად შეძრწუნებული ვარ ამ საშინელი ფაქტით. ერთადერთი, რა შემიძლია ვთქვა, ეს არის პირდაპირ ბარბაროსობა, მიმართული ამ ბავშვის წინააღმდეგ ბავშვების მიერ… ისმის კითხვა: „ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“ ჩვენ ყველანაირად უნდა შევძლოთ ისეთი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება, რომელიც სწორედ ასეთი უბედურებებისგან დაიცავს ბავშვებს“, — განაცხადა კილაძემ ჟურნალისტებთან.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.