თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. სკოლებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის საქართველოს ხელისუფლება რიგი პროექტების განხორციელებას აპირებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამართა ინტერაქტიური ვებ–გვერდის „იყავი მეგობარი“ პრეზენტაცია, რომელიც მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს დაეხმარება, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
ამოქმედდა შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“, სადაც მოზარდები სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე მინისტრთან, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან და ფსიქოლოგებთან პირისპირ საუბრობენ. ანალოგიური შეხვედრები იმართება პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან. გარდა ამისა, ძალადობის პრევენციის მიზნით, სკოლებში შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის.
უწყებაში დარწმუნებული არიან, რომ კონფლიქტის პრევენციასა და აღკვეთაში განსაკუთრებული როლი აქვთ ფსიქოლოგებს. სწორედ ამიტომ განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ სპეციალისტის მომსახურება ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ერთ-ერთი ახალი ინიციატივა, რომლის დახვეწაც ახლა მიმდინარეობს, არის „კრიზისული ინტერვენციის ჯგუფის“ პროექტი. ფსიქოლოგთა, სოციალურ მუშაკთა და სხვა სპეციალისტთა ამოცანა იქნება სკოლებში სწრაფი რეაგირების აუცილებლობისას ადგილზე შეისწავლოს მდგომარეობა, გაერკვეს საჭიროებებში და შესაბამისი კონსულტაციები გაუწიოს როგორც სკოლას, ისე ონფლიქტის ყველა მხარეს.
სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით განათლების სამინისტრომ შსს–სთან ერთად შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც შევა კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“.
ამ ცვლილებების თანახმად, შემუშავდება სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სპეციალური წესი, გაძლიერდა ვიდეოდაკვირვების სისტემა როგორც სკოლების შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ; სკოლის მანდატურები ვალდებული იქნებიან, ჰქონდეთ უმაღლესი ან პროფესიული განათლება.
განათლების სამინისტრო ასევე გეგმავს მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას. ამ მიზნით სკოლებში სპორტული და შემოქმედებითი ღონისძიებების წახალისება უწყების სტრატეგიაში ერთ–ერთი მნიშვნელოვან ადგილზეა. ამისთვის სამინისტრო სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფასა და მათთვის ყველანაირ მხარდაჭერას გეგმავს.
ბიუჯეტი 2018 წელს სასკოლო სპორტულ ღონისძიებათა მხარდასაჭერად გაორმაგდა. სამინისტრო ეროვნულ დონეზე ჩაატარებს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას. საწყის ეტაპზე ოლიმპიადაში ჩართვა, სპორტული მონაცემების მიუხედავად, ყველა მსურველს შეუძლია.
სკოლებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საკითხი 2017 წლის დეკემბერში მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევის შემდეგ გაჩნდა. დაპირისპირებას თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლე ემსხვერპლა.