ვიდეოკამერები სკოლებში – საქართველოში უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებენ

გამოწერა
საქართველოს ყველა სკოლაში ვიდეოკამერებს დაამონტაჟებენ, რომლებსაც მანდატურის სამსახური გააკონტროლებს.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო უნდა იყოს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივ კანონპროექტში.

საქართველოში ბოლო პერიოდში მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევები გახშირდა. მათგან ყველაზე საზარელი თბილისში 2017 წლის დეკემბერში მომხდარი ფაქტი იყო. სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი №51 სკოლის ორი მეთერთმეტეკლასელი — ლევან დადუნაშვილი და დავით სალარიძე გახდნენ. მოგვიანებით რამდენიმე ინციდენტი მოხდა რუსთავში, მსგავსი ფაქტი კი ბოლოს კვლავ თბილისში დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარში 17 წლის ახალგაზრდამ №35 სკოლის სამი მოსწავლე დაჭრა. საბედნიეროდ, ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებზე თავდამსხმელი 17 წლის მოზარდია

„სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო გახდება. ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს. აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და, საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეოკამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს", — ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ კანონპროექტში.

კანონპროექტის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა და განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გამართეს. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შესაბამისი ცვლილებები შევა საქართველოს კანონში „ზოგადი განათლების შესახებ".

კანონპროექტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს ახლო მომავალში წარედგინება.

ყველა ახალი ამბავი
0