თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 50 წლამდე მამაკაცი მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მამაკაცი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, თუმცა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმები გარდაცვალების ზუსტ მიზეზებზე, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ.
„დღის მეორე ნახევარში საავადმყოფოში შემოიყვანეს პაციენტი სოფელ შემოქმედიდან, რომელიც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ამ წუთებში მიცვალებული საავადმყოფოში ასვენია და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ელოდებიან ექსპერტიზის ჩატარებას", – განაცხადა ჟურნალისტებთან „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ.
სურსათის ეროვნულ სააგენტო გამოეხმაურა მომხდარ შემთხვევას და განაცხადა, რომ პრეპარატი, რომლითაც მამაკაცმა სახლი დაამუშავა, მათ მიერ გაცემული არ იყო. უწყების განმარტებით, მათ მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დარიგებული შესაწამლი პრეპარატები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
„ეს ჩვეულებრივი პრეპარატებია, რომელიც გამოიყენება, როგორც სათბურებში, დახურულ სივრცეებში, ასევე სახლებში და ის კონცენტრაცია, რომელიც მითითებულია ჩვენს მიერ, არ არის ლეტალური. უბრალოდ, მსუბუქი ინტოქსიკაცია შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა გამოყენებამ და როდესაც დარღვეული არის უსაფრთხოების წესები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს არ იწვევენ თუ არ მოხვდა პირის ღრუში დალევის გზით“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ.
ლიპარტია მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს და აფრთხილებს, რომ სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი პრეპარატები საცხოვრებელ ბინებში არ გამოიყენონ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. აზიურმა ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.
მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყოფს.
საქართველოს მთავრობის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.