თბილისი, 12 მარტი — Sputnik. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის საქართველოს ხელისუფლება იაპონური სამურაი-კრაზანას შემოყვანას აპირებს, განაცხადა გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა მესხმა ტელეკომპანია „იმედის“ (Imedi) ეთერში.
აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გარცელდა. აზიურმა ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.
„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის ეფექტურია მწერი იაპონური კრაზანა. ეს არის პატარა მწერი, 1-1,5 მილიმეტრის სიგრძის, მას შეუძლია აზიური ფაროსანას და სხვა ხოჭოების კვერცხების განადგურება. ის არ არის საშიში ადამიანისთვის, ფუტკრებისთვის ან გარემოსთვის. ეს მწერი არანაირ კავშირში არ არის იმ სახეობებთან, რომელთა ფოტოები ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ვრცელდება“, — განაცხადა მესხმა.
მისი თქმით, მწერი — ბიოლოგიური პარაზიტია, რომელიც აზიური ფაროსანას პოპულაციას არეგულირებს, რადგან ხოჭოების კვერცხებს აჯდება და იქ დებს თავის კვერცხს, სადანაც ახალი კრაზანა იჩეკება. ამ პროცესში ის აზიური ფარასანას ჭუპრს ანადგურებს, შედეგად ხოჭო ვერ მრავლდება.
მისი თქმით, საქართველოში ახალი მწერის შემოყვანაზე ჩატარდება კვლევა, რომელსაც სპეციალური ლაბორატორია შეასრულებს.
„გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ დაკვირვებებისა და კვლევების შედეგების მიხედვით მივიღებთ“, — განაცხადა მესხმა.
მისი თქმით, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ახალი მწერის შემოყვანა, სავარაუდოდ, მომდევნო წელს მოხდება.
ხელისუფლება ასევე აზიური ფაროსანას სხვა მტრის — სოკო ბოვერიას შემოღებას განიხილავს.
„სოკო ბოვერია არსებობს ჩვენს ბუნებაში, და რამდენადაც ეს არის ბიოლოგიური პრეპარატი, მისი გამოყენება ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, — აღნიშნა მესხმა.
მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყოფს.
საქართველოს მთავრობის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.
2018 წელს აზიური ფაროსანას პოპულაციისა და გავრცელების მონიტორინგი გაძლიერდება. მავნებლის მოსაზიდად სახელმწიფო 100 ათას ფერომონს შეიძენს. სპეციალური ხაფანგები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განთავსდება.
სახელმწიფო ასევე მილიონ ჰექტრამდე მიწის ქიმიურ დამუშავებას გეგმავს. ამისათვის 360 ტონა პრეპარატის გამოყენებაა დაგეგმილი.