აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის აშშ საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყოფს

© Georgian National Food Agencyბრძოლა აზიურ ფაროსანასთან
ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მავნებლებთან საბრძოლველად საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყოფს, აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროპისა და აზიის ქვეყნებში USAID-ს ადმინისტრატორის მოადგილემ ბროკ ბირმანმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც საქართველო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მხარდასაჭერად დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს", — განაცხადა დავითაშვილმა.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
„მოიზიდე და მოკალი" – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ხერხი

USAID-ს ფინანსებით საქართველო შეისყიდის ტექნიკასა და ფერომონებს, ასევე ჩაატარებს ტრენინგებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის, აღნიშნა მინისტრმა.

ბირმანის თქმით, ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ამერიკული მხარე საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ყველანაირად დაეხმარება.

„პირადად მქონდა შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოში დამეთვალიერებინა ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილის პლანტაციები. ჩვენ მზად ვართ პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად ჩავერთოთ დაგეგმილ ღონისძიებებში", — განაცხადა ბირმანმა.

აზიურმა ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი.

საქართველოს მთავრობის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

მავნებელი მწერის მიერ მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზიურმა ფაროსანამ 2017 წელს თხილის მოსავლის 20% გაანადგურა. ზარალი მიადგა ასევე სიმინდისა და ყურძნის მოსავალსაც.

ყველა ახალი ამბავი
0