თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან მეორეკლასელი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება, იუწყება ტელეარხი Imedi.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის ინფორმაციით, მომავალ სასწავლო წელს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასამდე, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ნაკლებად დამღლელი საგაკვეთილო პროცესია.
„წელს, დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. ყველა კლასში გვექნება შინაარსობრივად და ტექნიკურად განახლებული სახელმძღვანელოები აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომით. განსხვავებული საგნები შემოდის. რაც მთავარია ისინი განტვირთულია და ასაკთან მეტად არის შესაბამისობაში მოყვანილი — ნაკლები საშინაო დავალებებია, უფრო მეტად აქცენტი გადატანილია საკლასო და სასკოლო აქტივობებზე“, – განაცხადა გიგაურმა.
მომავალი წლიდან ცვლილებები ეხება საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილების რაოდენობასა და ხანგრძლივობას. VII–IX კლასების მოსწავლეებს კვირის განმავლობაში გაკვეთილების რაოდენობა შეიძლება 33 საათამდე გაეზარდოთ. თუმცა, მეორეკლასელთა გაკვეთილების ხანგრძლივობა კი 5 წუთით შემცირდება.
ჯერ კიდევ გასულ წელს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში გაკვეთილების რაოდენობის შემცირება დააანონსა და აღნიშნა, რომ რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, გაკვეთილების ცხრილის განტვირთვა უნდა მომხდარიყო.
„იმედი გვაქვს, განახლებული სახელმძღვანელოებით, განახლებული მიდგომებით, ასევე მეორეკლასელებისთვის 5 წუთით შემცირებული გაკვეთილებით, რაც ერთ-ერთი მიდგომაა, რომ ძალიან დამღლელი არ იყოს საგაკვეთილო პროცესი — ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება“, – აღნიშნა ლია გიგაურმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი ფორმატი შეიმუშავა, რომლებიც საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წელს გამოჩნდება.
გრიფირება სახელმძღვანელოების შექმნის პირველი ეტაპია, რომელსაც სახელმწიფო კომისიის წევრები აფასებენ. სწორედ ისინი არჩევენ, რომელი წიგნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
აღნიშნული სიახლეების საფუძველია, რომ სასწავლო პროცესი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული მოსწავლის უნარებზე, აზროვნებასა და ლოგიკაზე და ნაკლებად დაზეპირებაზე, დასძინა გიგაურმა.
„ჩვენ გვინდა მოსწავლეს ვასწავლოთ სწავლის სწავლა, რომ მეტად იყოს უნარებზე ორიენტირებული და ნაკლებად — დაზეპირებაზე; მეტად აზროვნებასა და ლოგიკაზე და ნაკლებად — ტვიტრთადქცეულ დავალებებზე, რომელიც მოსწავლეს არაფერს აძლევს“, — განაცხადა ლია გიგაურმა.
საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება.