ვინ შეარჩევს სასკოლო სახელმძღვანელოებს

CC0 / Pixabay / ბავშვები წიგნს კითხულობენ
ბავშვები წიგნს კითხულობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმძღვანელოების გრიფირების მიმდინარე პროცესი უნიკალურია, რადგან მისი განხილვა პირველად ჩატარდება საჯაროდ და მასში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლების I-VI კლასებისთვის ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სახელმძღვანელოების შერჩევის, ანუ გრიფირების პროცესი იწყება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი 5 მარტს დაიწყება და 25 მარტამდე გაგრძელდება.

საქართველოს ყველა სკოლა ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისის პირველ გინმაზიასთან - Sputnik საქართველო
საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 8 მარტს დაიწყება

სამინისტროს ინფორმაციით, გრიფირების მიმდინარე პროცესი უნიკალურია, რადგან განცხადების განხილვა პირველად ტარდება საჯაროდ. ასევე, ძირეულად შეიცვალა შეფასების კრიტერიუმები და თავად შეფასების სისტემაც.

სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესში საგნობრივ სპეციალისტებთან ერთად ჩაერთვებიან ფილოლოგები, ბავშვთა ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტები და კონსტიტუციონალისტებიც კი.

გარდა ამისა, სახელმძღვანელოების შერჩევისას სამინისტრო საზოგადოებასაც მოუწოდებს აქტიური ჩართულობისკენ.

„ყველა დაინტერესებულ მხარეს — მშობლებს, მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებს სამინისტრო მოუწოდებს მაქსიმალურად იაქტიურონ, რათა მომავალმა თაობებმა საუკეთესო სახელმძღვანელოებით ისწავლონ", — ნათქვამია განცხადებაში.

სახელმძღვანელოების შერჩევის, ანუ გრიფირების მიმდინარე პროცესი ელექტრონული პორტალის მეშვეობით განხორციელდება. პორტალზე შესვლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. გარდა ამისა, ყველა სახელმძღვანელოს ექნება ე.წ. დამხმარე ვებ-გვერდი, სადაც დამატებითი მასალები და ლიტერატურა განთავსდება.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო: საჯარო სკოლებში ორი უცხო ენის სწავლება სავალდებულოა

„ყველას აქვს საშუალება დაათვალიეროს შეფასებისთვის წარმოდგენილი წიგნები და საკუთარი მოსაზრება მიაწოდოს როგორც შემფასებელთა ჯგუფს, ასევე ავტორებს", — ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მოსაზრებებს, სამინისტროს განცხადებით, ის შეიძლება ეხებოდეს შინაარსობრივ შეცდომებს, ტექნიკურ ხარვეზებს, ან იყოს რეკომენდაციის სახის.

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო არის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული საგნის სწავლებისთვის. იგი აკმაყოფილებს გრიფის მისანიჭებლად აუცილებელ პირობებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით გარკვეული ვადით მინიჭებული აქვს გრიფი. ამით სახელმძღვანელო უპირატესობას იძენს ყველა დანარჩენ საგანმანათლებლო რესურსთან შედარებით და გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში სასწავლო პროცესში გამოიყენება როგორც ძირითადი საგანმანათლებლო რესურსი.

ყველა ახალი ამბავი
0