თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია, ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
Freedom House ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებში დემოკრატიის ხარისხის, ეროვნული და ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის, საარჩევნო პროცესის, მედიის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და კორუფციის მაჩვენებლების შესახებ. კვლევებში 7–ქულიანი სისტემა მოქმედებს, სადაც უმაღლესი ერთი ქულაა.
გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებს შორის ესტონეთი 1.93 ქულით, დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებლით, პირევლ ადგილზეა.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მაჩვენებლები მედიისა და სასამართლო სისტემის თავისუფლების კუთხით გაუარესდა. შედეგად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 4.61-დან 4.68-მდე შემცირდა. თუმცა, საქართველო რეგიონში კვლავ რჩება ერთადერთ ქვეყნად ნაწილობრივ თავისუფალი მედიით.
საქართველოში მედიის დამოუკიდებლობას Freedom House ასე აფასებს:
„საქართველოს მედია–ლანდშაფტი დიდწილად პლურალისტური, კრიტიკული და ძლიერია. სამართლებრივი ბაზა უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას. დღესდღეობით არსებობს 92 სატელევიზიო არხი, 51 რადიოსადგური და დაახლოებით 300 ბეჭდური გამოცემა“, — ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება მედია–თავისუფლების ინდექსის გაუარესებას, Freedom House ამას 2017 წელს საქართველოს მედია–სივრცეში მომხდარი ოთხი ძირითადი მიზეზით ხსნის: კრიტიკული ტელევიზიის „რუსთავი2“-ის მფლობელობაზე ატეხილი დავა, სამი კერძო ტელეკომპანიის შერწყმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ახალი ხელმძღვანელობის მიერ და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება.
რაც შეეხება ეროვნული და ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის, საარჩევნო პროცესის და კორუფციის მაჩვენებლებს, საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია, ისინი უცვლელია.
რაც შეეხება რეგიონში მეზობელ ქვეყნებს, დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირებულია სომხეთსა (5.43 ქულა) და რუსეთშიც (6.61 ქულა). რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი დემოკრატიის მაჩვენებელი უცვლელია და კვლავ 6.93 ქულას აღწევს.
გასული წლების რეიტინგების მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსს 1998 წლიდან ინარჩუნებს.
Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების გაფართოებაზე მთელ მსოფლიოში ზრუნავს. ორგანიზაცია აანალიზებს თავისუფლების პრობლემებს, გამოდის უფრო ფართო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხარდაჭერით და ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს.
Freedom House 1941 წელს დაარსდა.