თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს სრული დაფინანსებით სასურველ პროფესიას დაეუფლოს.
პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
ასევე, სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით განხორციელდება რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა (ელექტროობა, სარესტორნო საქმე, სასტუმრო მომსახურება, საგზაო მშენებლობა, კულინარია, მეხილეობა, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, რკინიგზის მონიტორინგი), რომლებსაც პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებენ თბილისის, ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯები.
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ასევე გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის, რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.
რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.
ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების ჩამონათვალი მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge).
ისევე როგორც წინა წელს, 2018 წლის საგაზაფხულო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისთვის, პროფესიულ პროგრამებში ქართული ენის მოდული შეიქმნა.
პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაცია 22 აპრილს დასრულდება.