თბილისი, 15 მარტი — Sputnik. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე საქართველოში პირველი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულების უმაღლესი პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებაში.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი თელავის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ და განახლებული პროფესიული პროგრამების დანერგვისა და შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობები განიხილეს.
პროფესიული კოლეჯის შექმნა რეგიონის განვითარებისთვისაა აუცილებელი, რადგან იმ რეფორმების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოში აგრარულ სექტორში ხორციელდება, კახეთში პროფესიონალი კადრების ნაკლებობა შეიმჩნევა, აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.
მომავალში პროფესიული კოლეჯი თელავის სავიზიტო ბარათი გახდება, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მომზადდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აცხადებს სამინისტრო.
თელავის უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში, სადაც რეაბილიტაციისა და აღჭურვის შემდეგ ახალი კოლეჯი განთავსდება, შესაძლებელია აგრარული მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ამოქმედებაც, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ადგილზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება.
საქართველოს მთავრობის დახმარებითა და საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით მოცემული პროექტი ახლო მომავალში განხორციელდება.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – კახეთის ერთ–ერთი უძველესი საგანმანათლებლო ცენტრია.
1940 წლიდან უნივერსიტეტი დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახელს ატარებს. 1999 წელს სასწავლებელმა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. ამ დროისთვის უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მოქმედებს.