თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. თბილისის მერს დედაქალაქში უპატრონო ცხოველების გამოსაკვებად სპეციალური დანადგარის დადგმა შესთავაზეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
„არსებობს დანადგარი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, გამოიმუშავოს საკვები ე.წ უპატრონო ცხოველებისთვის, ეს არის დანადგარი, რომელშიც თუ ჩავყრით ნარჩენებს, მის ქვემოთ ჩამოიყრება სპეციალური ცხოველის საჭმელი და მათ ასევე წყლის დალევის საშუალებაც ექნებათ“, — დაწერა გიორგი ხავთასმა თბილისის მერიის ვებგვერდზე, სადაც ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.
ავტორის თქმით, ეს იდეა არა მარტო ცხოველების გამოკვებას მოემსახურება, არამედ ქალაქის დასუფთავებასაც შეუწყობს ხელს. რადგან მოქალაქეებს ექნებათ მოტივაცია, არ დაანაგვიანონ თბილისის ქუჩები და ჩააგდონ ნარჩენები ასეთ დანადგარებში.
გიორგი ხავთასმა ასევე აღნიშნა. რომ თბილისის ქუჩებში უამრავი ცხოველია, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი და ისინი ცხოვრობენ ღია ცის ქვეშ, ძირითადად იკვებებიან ნაგვის ურნებთან დაყრილი ნარჩენებით ან უკეთეს შემთხვევაში მოქალაქეები ცდილობენ გამოკვებონ ისინი სხვადასსხვა გზით, მაგრამ ეს იშვიათი მოვლენაა.
იდეამ 2823 ხმა უკვე მოაგროვა და ის განხილვის ეტაპზეა. ვებგვერდზე შემოსული იდეების განხილვა მერიაში მხოლოდ 2500 ხმის მოგროვების შემთხვევაში ხდება.
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ, სადაც მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე 438 მიმდინარე, 108 დაბლოკილი და 4 განსახილველი იდეა ფიქსირდება.
ელექტრონული პორტალი „შენი იდეა ქალაქის მერს“ ახალი იდეების სისტემატიზაციას, საჯაროობასა და მიზნობრივ ადრესაციას ისახავს მიზნად, ვებპორტალ idea.tbilisi.gov.ge-ზე 13 კატეგორიაა განთავსებული, რომლის არჩევის შემდეგაც, მოქალაქეს არგუმენტირებული და დასაბუთებული იდეის დაფიქსირებისა და კონკრეტულ პროექტზე ხმის მიცემის საშუალება აქვს. ელექტრონული პორტალის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.