თბილისი, 30 მარტი — Sputnik. პროექტ „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა და განსაკუთრებული პრიორიტეტი მრავალშვილიან დევნილ ოჯახებს მიენიჭა, აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უწყება დევნილ ოჯახებს კერძო სახლებს საკარმიდამო ნაკვეთებით შეუსყიდის. დევნილი ოჯახები თავად არჩევენ საცხოვრებელ ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
აქამდე „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა, დევნილი ოჯახების სულადობის მიხედვით, 17 ათასი ლარიდან 26 ათას ლარამდე მერყეობდა. ცვლილების შემდეგ 5–წევრიან ოჯახს 26 ათას ლარს გადასცემენ, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე 3 ათას ლარს დაუმატებენ.
„დევნილთა და განსახლების სამინისტრომ განსაკუთრებული პრიორიტეტი მრავალსულიან დევნილ ოჯახებს მიანიჭა. მაგალითისათვის, 7-სულიან დევნილ ოჯახს სამინისტრო „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით, 26 000 ლარს ნაცვლად, 32 000 ლარს გამოუყოფს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროსთან არსებული საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, USAID-თან ერთად, იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლი“ უკვე შეუსყიდა, სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან გასავითარებლად გრანტებს გადასცემს. პროექტის ბიუჯეტი 200 ათას ლარს შეადგენს. დევნილ ოჯახზე კი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10 ათასი ლარით განისაზღვრა.
დაფინანსების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 30 მარტს დაიწყება და 30 აპრილამდე გაგრძელდება. მსურველებს განაცხადების შევსება თბილისში, ზუგდიდში, გორსა და ახალციხეში არსებულ USAID-ის პროექტ „ზრდა საქართველოში“ ოფისებში შეეძლებათ.
2013 წლიდან დღემდე დევნილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სახლი 2000 დევნილს შეუსყიდა. „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს განიხილება, რომლებსაც მინიმუმ 3,5 ქულა მიენიჭებათ.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.