ხელფასების გაზრდაზე უარის გამო ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს

გამოწერა
ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას მხარი მისი პარტიის - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრებმაც დაუჭირეს.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ბორჯომის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი განსახილველ საკითხთა შორის პირველი იყო. ჩაჩანიძის იმპიჩმენტს სხდომაზე მყოფი 21 დეპუტატიდან მხარი 19-მა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგი იყო. ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წევრების გარდა, მისი პარტიის — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრებმაც დაუჭირეს მხარი.

საკრებულოს წევრებმა ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დასვეს, რაც ბორჯომის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიას გასულ კვირაში მეექვსედ უთხრა უარი მერის მოადგილეებისა და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაზე. ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებული დავა ბორჯომში სამი თვეა გრძელდება და მერიის თანამშრომლებიც მესამე თვეა ხელფასს ვერ იღებენ.

მერიამ გაზრდილი ხელფასების დამტკიცება 18 იანვარს მოითხოვა, რასაც საკრებულოს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ამაზე საპასუხოდ „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და ბოლო ოთხ სხდომაზე არ მისულან. კვორუმის არარსებობის გამო ეს სხდომები ჩაიშალა. 

მინერალური წყლის წყარო ბორჟომის პარკში - Sputnik საქართველო
სკანდალი ბორჯომში - საკრებულოს წევრებმა ხელფასების გამო იჩხუბეს

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრას საკრებულოს 28 წევრიდან მხოლოდ 21 ესწრებოდა, მათ შორის, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" 13 და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რვა წევრი. კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის", „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. სხდომას არ დაესწრო თავად ზაზა ჩაჩანიძე და „პატრიოტთა ალიანსის" ორი წევრი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, რომელმაც მერიას თანამდებობრივი სარგოს გაზრდაზე უარი უთხრა. ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ბორჯომის მერიის თანამშრომლები თებერვალში გაიფიცნენ კიდეც.

საქართველოს მასშტაბით ოპოზიციას უმრავლესობა მხოლოდ ბორჯომის საკრებულოში ჰყავს. საკრებულოს თავჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის" წევრია.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი შეიძლება წერილობით დასვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-მა. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

ყველა ახალი ამბავი
0