თბილისი, 24 მარტი — Sputnik. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია — „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო და ამით მხარი დაუჭირა ქვეყანაში ჩატარებულ რეფორმებს და ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მისწრაფებას, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ აქტიურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის დარეგულირების პროცესში. აღსანიშნავია ასევე რომ რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს“, — განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ რეზოლუციის კომენტირებისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა საბჭო მხარს უჭერს საქართველოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს მთავრობას არაერთხელ განუცხადებია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს.
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო გაეროს სისტემაში მთავრობათაშორისო ორგანოა, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა საყოველთაო პატივისცემის ხელშეწყობაზე და დაცვაზეა პასუხისმგებელი. აგრეთვე საბჭო სათანადო რეკომენდაციების მომზადებას ახორციელებს. ის გაეროს 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება, რომლებსაც გენერალური ასამბლეა ირჩევს.