ჯანელიძე: ჟენევის დისკუსიებზე განცხადების მიღება ჯერ არ იგეგმება

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის მოლაპარაკებებზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების ხელმოწერა 27–28 მარტს ჟენევის მოლაპარაკებებზე არ იგეგმება, მხოლოდ ტექსტის განხილვა იქნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

უფრო ადრე გაზეთმა Коммерсант განაცხადა, რომ ჟენევის კონსულტაციებზე შეიძლება დიდი ხნის ნანატრი შედეგი დადგეს. მოლაპარაკებების მონაწილეები – საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლებები, ასევე კონსულტაციების თანათავმჯდომარეები – ევროკავშირი, გაერო და ეუთო – ამზადებენ ერთობლივ დეკლარაციას რეგიონში ურთიერთობებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ამ მოლაპარაკებებზე იქნება მიღებული. დიპლომატის თქმით, დეკლარაციები, რომლებიც ზეპირი სახით მიღებისთვის მზადდება, არ შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხს.

„ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა ჟენევის მოლაპარაკებებზე ისეთი განცხადება მივიღოთ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს მიზნებს მოემსახურება… ხელმოწერა არაფერზე არ იგეგმება, იქნება მოლაპარაკებები განცხადების ტექსტზე“, – განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს წინსვლის იმედი აქვს

ამ განცხადების ტექსტზე მუშაობა ჟენევაში 2012 წლის დასაწყისში დაიწყო.

მინისტრის თქმით, წინა რაუნდზე ტექსტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული პროგრესი იყო. ეს პროგრესი დისკუსიაში ჩართული ყველა პარტნიორის აქტიური მონაწილეობის შედეგი გახდა… „ჩვენი მიზანია, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულება და დაიწყოს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

მისი განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ იქნება მიმართული.

ჟენევის მოლაპარაკებების მეტი ეფექტიანობისთვის საქართველოს პრემიერ–მინისტრი ფორმატის ამაღლების ინიციატივით გამოვიდა. მან უკვე გამოთქვა პროცესში ჩართვის მზადყოფნა. გარდა ამისა, პრემიერმა რუსეთს შემხვედრი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.

 საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში ნარჩუნდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0