თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე ძალის არგამოყენების შესახებ განცხადების მიღების შესაძლებლობას განიხილავს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავიდ დონდუამ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.
მანამდე გაზეთი „კომერსანტი“ იუწყებოდა, რომ ჟენევაში მომავალ კონსულტაციებზე დიდი ხნის ნანატრი წინსვლა შეიძლება მოხდეს. მოლაპარაკებების მონაწილეები — საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებები, ასევე კონსულტაციების თანათავმჯდომარეები — ევროკავშირი, გაერო და ეუთო — რეგიონში ძალის გამოუყენებლობაზე დეკლარაციის მიღებას გეგმავენ.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გამოთქვა იმედი, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადება მომავალ მოლაპარაკებებზე იქნება მიღებული. დიპლომატის თქმით, ზეპირი სახით მისაღებ დეკლარაციაში, რომელიც მომზადების პროცესშია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსის საკითხი დასმული არ იქნება.
„მნიშვნელოვანია, შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტის შესაბამისად, რისი საჭიროებაც ყველასთვის, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელია. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად ქართული მხარე, მათ შორის განიხილავს ჟენევის საერთაშორსო დისკუსიების მონაწილეთა მიერ მისაღებ პოლიტიკურ განცხადებას ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რომელზეც წლებია მიმდინარეობს მუშაობა“, — განაცხადა დონდუამ.
მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველო საკუთარ პრინციპულ პოზიციას დაიცავს.
„ჩვენ ჟენევაში გავაგრძელებთ თანმიმდევრული და პრინციპული პოზიციით მონაწილეობას და მოლაპარაკებებს, რათა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზები, საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესაბამისად. თუ პროცესი კონსტრუქციულად წარიმართა, ეს აჩენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში შემდგომი საგნობრივი მოლაპარაკებისთვის სივრცეს და მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობის შესაძლებლობას, რის თაობაზეც ჩვენ მზაობა უკვე გამოვხატეთ“, — განაცხადა დავით დონდუამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მზად არის ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, პრემიერმა რუსეთს ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვერდების ფორმატში ნარჩუნდება.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 27-28 მარტს გაიმართება.