თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ცხინვალის რეგიონში 22 თებერვალს ადგილობრივ ძალოვანებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობით გადმოსცეს, იუწყება ტელეარხი TV Pirveli.
წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ასევე ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების შესახებ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გადასცეს.
მანამდე ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებდა, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ცხინვალში გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელეს.
გარდაცვლილის ცხედარს ამ დროის განმავლობაში არ გადმოსცემდნენ, რადგან რუსული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდნენ.
რეგიონის დე-ფაქტო პროკურატურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ექსპერტის დასკვნაში წერია, რომ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, რომელიც მიოკარდის მწვავე იშემიის შედეგად განვითარდა. გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ დასკვნაში მითითებულია, რომ ტატუნაშვილი ღვიძლის ციროზითა და ქრონიკული ჰეპატიტით იყო ავად.
წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ საზღვართან დახვდა საქართველოს სახალხო დამცველი, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ მთლიანობაში გააკეთა ყველაფერი და ყველა ბერკეტი გამოიყენა იმისათვის, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მომხდარიყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ყველასათვის აღმაშფოთებელ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში თბილისში ჩატარდება ექსპერტიზა. ამის შემდეგ რამდენიმე საათში ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს გადასცემენ“, — განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
ცხედარს ლევნ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის თბილისის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.
ტატუნაშვილის დაკავება დე-ფაქტო ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ თითქოსდა ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობით იყო დაკავებული და მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობებთან იყო დაკავშირებული. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოძიების ინტერესებში არ შედიოდა.
საქართველოს სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ტატუნაშვილს სადაზვერვო საქმიანობასთან კავშირი არ ჰქონია, მისი ახლობლები კი მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.
ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიის დატოვება მათ მხოლოდ 11 მარტს შეძლეს.
საქართველოს ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ აღიარა. ამაზე საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.