თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, შესაძლოა, დღეს საღამოს ოჯახს გადასცენ, განუცხადა „Sputnik — საქართველოს“ კონსტანტინე მორგოშიამ, რომელიც ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს — ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიზე გადმოსვლაში დაეხმარა.
„ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია და ამ საღამოს უნდა გადმოასვენონ. მიცვალებულის გადმოსვენება მხოლოდ და მხოლოდ „წითელ ჯვარს" შეუძლია და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოსური მხარის წარმომადგენლები ამ ორგანიზაციას უკვე დაუკავშირდნენ“, — ირწმუნება კონსტანტინე მორგოშია.
სააგენტოსთან „წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის თბილისის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს.
„ამ ეტაპზე ჩვენ არაფრის თქმა შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ მზადყოფნას გამოვთქვამთ ამ პროცესში ჩავერთოთ როგორც ნეიტრალური შუამავალი“, — განაცხადეს ორგანიზაციაში.
არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად დააკავეს. 23 თებერვალს ცნობილი გახდა მისი დაღუპვის შესახებ. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.
ტატუნაშვილის დაკავება დე-ფაქტო ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ თითქოსდა ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობით იყო დაკავებული და მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობებთან იყო დაკავშირებული. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოძიების ინტერესებში არ შედიოდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ბრალდებებს „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა.
არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები მიიჩნევენ, რომ იგი მოკლეს. ისინი ცხედრის გადმოცემას ამ დრომდე მოითხოვენ, თუმცა ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ჯერჯერობით კვლავ რუსი ექსპერტების დასკვნას ელოდება.