ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გაათავისუფლეს

© Photo: courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს სახელმწიფო საზღვარი
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს მოქალაქეები — ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გაათავისუფლეს და ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში (Rustavi2).

მინისტრის განცხადებით, ის პირადად შეხვდა ორივეს.

„ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი თავისუფლები არიან. ისინი გადმოვიდნენ ახალგორის ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე“, — განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ქუტაშვილიც და პავლიაშვილიც თავს ნორმალურად გრძნობენ. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი რუსეთს „მოჯადოებული წრიდან გამოსვლას“ სთავაზობს

„ისინი არიან ნორმალურად, არ აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. თვითონ აცხადბენ, რომ თავს გრძნობენ ნორმალურად. მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა მათი უსაფრთხოდ გადმოსვლა და გადმოყვანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი ფაქტი, მაგრამ თქვენ იცით, რომ დღემდე ჩვენ ველოდებით არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება პროგრესი ამ მიმართულებით და იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს მალე მოხდება“, — განაცხადა მინისტრმა.

ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულ ვადებზე საუბარი, თუ როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, უჭირს.

გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შეხვდნენ.

რუსეთის პატრიარქი კირილი - Sputnik საქართველო
რუსეთის პატრიარქი: ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოში დააბრუნებენ

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი არჩილ ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში 22 თებერვალს გარდაიცვალა. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. 

ქუტაშვილი და პავლიაშვილი თავდაპირველად დააკავეს, შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ, მიუხედავად გათავისუფლებისა, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის დატოვების უფლებას მათ არ აძლევდნენ. ისინი დღემდე იმყოფებოდნენ ახალგორში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. 

ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის და ქუტაშვილისა და პავლიაშვილის გათავისუფლების საკითხში საქართველოს მთავრობა, ოპოზიციის წარმომადგენლები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაერთო. 

ილია მეორემ ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში შუამდგომლობის თხოვნით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით 2 მარტს მიმართა. პატრიარქი კირილი საკითხში ჩაერთო და ქართულ მხარეს ამცნო, რომ ცხედარს უმოკლეს დროში გადმოსცემენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლებას წერილით მიმართა, რომელშიც ურთიერთობების მოგვარებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დღეისათვის რუსეთ-საქართველოს დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყნის სათავეში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, განაცხადეს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაა, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საზიანოდ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0