ზებედა რეხვიაშვილმა რუსეთში ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გამოწერა
ქართველი სპორტსმენი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მსოფლიოში საუკეთესო ძიუდოისტების ათეულში შევიდა.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ზებედა რეხვიაშვილმა, რომელიც 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ეკატერინბურგში  „დიდი სლემის" სერიის ტურნირში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რეხვიაშვილმა მეოთხედფინალში იაპონელ ტაკეში სასაკის დაუთმო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც რუს მურატ ხაბაჩიროვსა და იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს სძლია, იტალიელთან წარმატებისთვის ქართველ სპორტსმენს სულ რაღაც 15 წამი დასჭირდა.

ტურნირზე მესამე ადგილისთვის ქართველმა ძიუდოისტმა 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რამაც შესაძლებელი გახადა შესაბამის წონით კატეგორიაში რეხვიაშვილის მსოფლიოში სპორტსმენების ტოპ-10-ში მოხვედრა.

ლუხუმ ჩხვიმიანის და ამირან პაპინაშვილის ორთაბრძოლა - Sputnik საქართველო
ბრინჯაო დიუსელდორფის გრან-პრიზე ძიუდოში: ქართველებმა სტარტი აიღეს

საქართველოს ნაკრები ეკატერინბურგში 8 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი, თუმცა რეხვიაშვილის გარდა ვერავინ შეძლო პოდიუმზე ასვლა. მეორე ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ყველაზე ახლოს ონისე ბუღაძე (+100 კგ) იყო, რომელიც მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში რუს მძიმეწონოსან თამერლან ბაშაევთან დამარცხდა.

შემდეგი საერთაშორისო ტურნირი თბილისში ჩატარდება, სადაც 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით თბილისის გრან-პრი გაიმართება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, როგორც მასპინძელი ქვეყანა, წარმოდგენილი იქნება ძიუდოისტების მაქსიმალურად ნებადართული რაოდენობით — 28 კაცით (ოთხი სპორტსმენი თითოეულ წონით კატეგორიაში). საქართველოს ქალთა ძიუდოს ნაკრები კი 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ასე რომ, თბილისის გრან-პრის ტურნირზე ქართველი ძიუდოისტების საერთო რაოდენობა 37 იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0