თბილისი, 19 მარტი — Sputnik. Sputnik-ის მკითხველების უმეტესობა მიჩნევს, რომ საქართველოში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების პერსპექტივა რეალურია, ასეთია საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული ონლაინ-გამოკითხვის შედეგები.
კითხვაზე, „გსურთ თუ არა, რომ საქართველოში ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართოს", მკითხველთა 58,3%-მა უპასუხა, რომ ეს მომავალში სავსებით შესაძლებელია.
გამოკითხვაში მონაწილეთა 27,8%-ს სურვილი აქვს, რომ საქართველომ უმასპინძლოს თამაშებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ არის.
საქართველოში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვის აზრს ვერ ხედავს გამოკითხვაში მონაწილეთა 13,9%.
მარტის დასაწყისში საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) ექსპერტები ჩამოვიდნენ, რათა ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალი შეისწავლონ საერთაშორისო დონის ზამთრის შეჯიბრებების, მათ შორის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად.
სოკ-მა საქართველოში ექსპერტთა ჯგუფის გამოგზავნის გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს შორის 22 იანვარს ლოზანაში შეხვედრის შემდეგ მიიღო.