თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველო დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩაატაროს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ამ საკითხის განხილვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ (IOC) ტომას ბახთან აპირებს. შეხვედრა ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართება.
ტელეარხის ინფორმაციით, კვირიკაშვილი ბახს გააცნობს საქართველოს პოტენციალს სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით.
საქართველოს მთავრობის მეთაური ლოზანაში ოლიმპიურ მუზეუმს დაათვალიერებს.
ხვალიდან კი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში ჩაერთვება.
დაგეგმილია კვირიკაშვილის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან ასევე სიტყვით გამოსვლა დისკუსიაზე Strategic Outlook: Eurasia.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი. ვიზიტი 24 იანვარს დასრულდება.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც წელს 23-26 იანვარს გაიმართება, დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანულელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ინდოეთისა და კანადის პრემიერები ნარენდრა მოდი და ჯასტინ ტრუდო.
წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს ფიონგჩანგში გაიმართება.