თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა მსოფლიო დღის კვირეული იმართება, ნათქვამია „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ამ თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებები 12-21 მარტს თბილისში და საქართველოს რეგიონებში გაიმართება.
დაგეგმილი ღონისძიებები
— უთვალავი ჭრელი წინდის კამპანია #წინდამინდა 12-21 მარტს ჩატარდება. ჭრელი წინდები განსხვავების სიმბოლოა, რათა ადამიანებმა იგრძნონ, რას ნიშნავს იყო სხვებისგან განსხვავებული. წინდების შეძენა შესაძლებელია „ნიკორასა" და „ეკონომიქსის" მაღაზიების ქსელსა და სოციალურ საწარმო „ბაბალეში“.
— 16 მარტს კახეთში მედიკოსთა და პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეგიონული კონფერენცია გაიმართება. ძირითადი თემა — როგორ ავიცილოთ ის, რომ მშობლები უარს ამბობენ შშმ ბავშვებზე.
— 19 მარტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 19:00 საათზე გაიმართება პერფორმანსი „47=46“
— 21 მარტს თბილისში გაიმართება კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“, რომელიც ეძღვნება შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს. იმავე დღეს საქართველოს რეგიონებში გაიმართება ფართომაშტაბიანი საინფორმაციო კამპანია.
როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე, სასურველია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე. ამასთან ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომაა.
„ეს გახლავთ მისი ბუნებრივი მდგომარეობა. გამომდინარე აქედან, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის. ეს ადამიანის გენეტიკური მდგომარეობაა“, — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
ასოციაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია შემდეგი ფრაზების გამოყენება საუბრისას: „დაუნის სინდრომით დაავადებული“, „დაუნიზმით დაავადებული“, „დაუნი“. სწორი ფორმაა: „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი“.
პირველად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე 2006 წელს ჩატარდა. ამ დღის ჩატარების ინიციატივა დაუნ-სინდრომის საერთაშორისო (IDSA) და ევროპის (EDSA) ასოციაციებს ეკუთვნის. 2011 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეა წინადადებით გამოვიდა, რომ 2012 წლიდან ეს დღე აღნიშნოს ყველა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რათა ამაღლდეს საზოგადოების ინფორმაციულობის დონე დაუნის სინდრომის შესახებ.
ამ მოვლენის აღსანიშნავად დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ — ეს თარიღი სიმბოლურად ასახავს პათოლოგიის აღმოცენების ბუნებას. 21 მარტი იმიტომ შეირჩა, რომ დაუნის სინდრომი წარმოადგენს ტრისომიას (მარტი წლის მესამე თვეა) და სინდრომის შემთხვევაში ტრისომია ეხება 21-ე წყვილ ქრომოსომას (21 რიცხვი).