გიგო ბავშვობიდან აქტიურად თამაშობს სპექტაკლებში და მისი ოცნება სწორედ მსახიობობაა, თუმცა მას თეატრალურ სასწავლებელში ჩაბარების უფლება არ მიეცა.
იგი აქტიურადაა ჩართული პროექტში "ჩემი ხმა საზოგადოებაში", რისი საშუალებითაც უნდა ქართულ საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა, მოუყვეს თავისი ოცნებების, მისწრაფებების და მომავალი გეგმების შესახებ. გიგო "sputnik საქართველოს" თავის ოცნებებზე და მომავალ გეგმებზე გულახდილად ესაუბრა.
–სკოლა გასულ წელს დავამთავრე. 21 წლის ვარ. 21–ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. მიყვარდა სწავლა და მაღალ ქულებსაც ვიღებდი. მათემატიკას მზია სვანიძე მასწავლიდა, რთული საგანი იყო, მაგრამ მაინც ვსწავლობდი. ძალიან კარგი მასწავლებლები და კლასელები მყავდა. ყველა მენატრება. იმედი მაქვს მათ მალე ვნახავ. 10 წლიდან ვდგავარ სცენაზე და ვმსახიობობ. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ვფიქრობ, რომ ჩემს მეგობრებს და ახლობლებსაც ძალიან მოსწონთ ჩემი სპექტაკლები. ალბათ კარგად გამომდის და ამიტომ.
–გაიხსენეთ პირველი სპექტაკლი და როლი.
–ძალიან პატარა ვიყავი პირველად, რომ ვითამაშე სპექტაკლში. გავიცანი რეჟისორი ბაჩო გაბრუაშვილი, რომელსაც ძალიან მოვეწონე და მეუბნებოდა, რომ მქონდა თეატრალური ნიჭი. მიმიღეს თეატრში. პირველად ვითამაშე პატარა უფლისწულის როლი. ცოტა ვინერვიულე, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. დღეს ვმსახიობობ თეატრში "აზდაკის ბაღი". ეხლა ვმუშაობთ სპექტაკლზე "კაცია–ადამიანი". პირველ ივნისს იქნება პრემიერა. მე ვასრულებ დავით მოურავის როლს. ბევრ სპექტაკლში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ეს მე ძალიან მაბედნიერებს. თეატრის გარეშ ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
2017 წელს დავიწყეთ პროგრამა "ჩემი ხმა საზოგადოებაში" და აქტიურად ვარ ჩართული ამ პროექტში. მინდა ყველა ადამიანს მივაწვდინო ჩემი ხმა და გავაცნო ჩემი გეგმები, ოცნებები.
ასევე აქტიურად ვარ ჩართული სოციალურ საწარმო "ბაბალეში". ვხატავთ, ვღებავთ, ვქმნით ხელნაკეთ ნივთებს. აქ ძალიან მყუდროდ ვგრძნობ თავს. ძალიან სასიამოვნოა ხატვა და ლამაზი ნივთების შექმნა.
–მიუხედავად ბევრი გატაცებისა ვიცი, რომ თქვენი ოცნება მსახიობობაა…
–დიახ, მაგრამ ხელი შემეშალა ამ ოცნების ასრულებაში. მაინც ძალიან მინდა ავიხდინო ბავშვობის ოცნება და თეატრალურზე ჩავაბარო.
– რამ შეგიშალათ ხელი ამ ოცნების ასრულებაში?
–საქართველოში თეატრალური განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში, სკოლის ატესტატით. როცა სკოლა დავამთავრე მე არ მომცეს ატესტატი და ამიტომ ხელი შემეშალა და ვერ შევძელი თეატრალურზე ჩაბარება, რის გამოც ძალიან დამწყდა გული.
–იმედი მაქვს არ აპირებთ ფარ–ხმალის დაყრას…
–ფარ–ხმალის დაყრას არ ვაპირებ. მინდა ვიბრძოლო და წინ წავიდე. სულ მალე ვაპირებ პარლამენტში გამოსვლას, სადაც ვიტყვი, რომ მინდა თეატრალურში ჩაბარება და მომცენ ამის უფლება. ასევე ძალიან მინდა გავხდე ბარმენი და ვიმუშაო კაფეში, მქონდეს ჩემი შემოსავალი და ხელფასი. ლია ტაბატაძე (კავშირ "ჩვენი ბავშვების" წარმომადგენელი) ჩემთვის არის გენიოსი ქალი, რადგან ყოველთვის გვერდში გვიდგას და ყველა პრობლემის დაძლევაში გვეხმარება.
–დავუბრუნდეთ მსახიობობას. არის როლი, რომლის განსახიერებაზეც ოცნებობთ?
–ძალიან მომწონს პანტომიმა, ეს ჩემთვის აღტაცებაა. ჩემი საყვარელი მსახიობია ჩარლი ჩაპლინი. ჩემი ოცნებაა როდესმე მისი როლი შევასრულო. არ ლაპარაკობს და მოქმედებით გამოხატავს ემოციებს.
–რით მოგხიბლათ ჩაპლინმა?
–იდუმალია. ერთდროულად მხიარულიც არის და სევდიანიც. ხან მატირებს, ხან სიცილით მკლავს.
–გარდა იმისა, რომ მსახიობობაზე ოცნებობთ, სხვა რა ოცნება გაქვთ?
–ძალიან ბევრი ოცნება მაქვს. მინდა გავხდე ტელე–წამყვანი და საკუთარი თოქ–შოუ "გიგოს შოუ" მქონდეს. ერთი ოცნება თითქმის ავიხდინე. სულ მალე ვხსნი "გიგოს კაფეს". მე ვიქნები ბარმენი. გავაკეთებ სასმელებს, კაპუჩინოს. ჩემი მასწავლებელია ირაკლი ყრუაშვილი, რომელმაც ეს ყველაფერი მასწავლა. როცა კაფეს გავხსნი აუცილებლად დაგპატიჟებთ.
–გიგოს კოქტეილიც ხომ არ გამოიგონეთ?
–ჯერ არა. როცა კარგად ვისწავლი, მერე აუცილებლად გამოვიგონებ.
–წამყვანის ამპლუაც არაჩვეულებრივად მოირგეთ "იქს–ფაქტორში". რა მოგცათ ამ პროექტმა?
–ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, გავხდი პოპულარული, უფრო მეტად თავდაჯერებული, შევიძინე ბევრი მეგობარი. როცა პირველად მივედი "იქს–ფაქტორში" ნიკა გვარამიამ ჩემზე თქვა, რომ ვარ წიგნიერი, განათლებული, თეატრალური ნიჭით დაჯილდოებული და სიკეთე შევიტანე ამ პროექტში. ეს სიტყვები ძალიან გამიხარდა და დიდი სტიმული მომეცა.
"იქს–ფაქტორიდან" მინდა გავიხსენო ერთი მეგობარი– ნინა ყიფშიძე, რომელიც მღეროდა. ძალიან მომწონდა, თუმცა ამ სიყვარულმა გაიარა.
–ელოდით, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდით?
–კი, ველოდი. მიხარია როცა ქუჩაში ყველა მცნობს და თბილად მესალმებიან. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, როცა პირველად გამოაცხადა ჩემი სახელი ნიკა გვარამიამ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა იქს–ფაქტორის სცენაზე პირველად გავედი. მომწონს როცა ვმუშაობ და ჩემი შრომით ვიღებ ხელფასს და ვარ დამოუკიდებელი. ეხლა ხელფასს შევაგროვებ და "იქს–ფაქტორი", რომ დამთავრდება დედასთან ერთად, ჩემი ხელფასით ათი დღით მივდივარ იტალიაში, რომში დასასვენებლად. დედამ ბევრი რამე მომიყვა რომზე. იქ ძალიან ბევრ რამეს ვნახავ, გადავიღებ ფოტოებს და მინდა ამ ფოტოებით ალბომი გავაკეთო.
კიდევ ერთი ოცნება მაქვს და მინდა ამიხდეს. მიყვარს ერთი გოგო, რომელსაც მინდა ვთხოვო ხელი. მოვაწყოთ ვახშამი და იქ ვაჩუქო ძალიან ლამაზი ბეჭედი. ცალკე ცხოვრებაზე ვოცნებობ. მინდა ქალაქ გარეთ დიდი სახლი მქონდეს. მყავდეს ძაღლი, რომელიც ჩემი კარგი მეგობარი იქნება. მინდა თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიყო, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქო და მხრები ფართოდ გავშალო ამ ქვეყანაში.