თბილისი, 11 მარტი — Sputnik. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში პროექტ „წარმატებული ემიგრანტი ქალი-2018“-ის დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამარჯვებულები უცხოეთში არსებულმა ქართულმა სათვისტომოებმა შეარჩიეს იმ მიღწევების მიხედვით, რასაც მათ უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში მიაღწიეს.
ცერემონიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მიიღეს მონაწილეობა.
ემიგრანტი ქალები საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დაცვისა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისათვის დააჯილდოეს. ისინი დაჯილოდების ცერემონიაზე დასასწრებად საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში.
დიასპორებმა 8 ქვეყნიდან 14 ქალბატონი შეარჩიეს: ელიკო წიკლაური — გერმანია, ნინო ჩეხოშვილი — ამერიკა, ნინო ტაბატაძე — ამერიკა, თამარ სამხარაძე — საბერძნეთი, ლია ხუციშვილი — საბერძნეთი, ლიზი მორი — ისრაელი, ეკატერინე სიხარულიძე — ესპანეთი, მაკა ლომსაძე — უკრაინა, ბელა მახარაძე — გერმანია, შორენა ბარბაქაძე — ამერიკა, მზია ხუცაშვილი — საბერძნეთი, მაია კარიმპიდი — კვიპროსი, თამარ შალამბერიძე — გერმანია და თიკა სვანიძე — ჰოლანდია.
ნომინანტებს პარლამენტის სახელით პრიზები გადასცეს.
„წელს ჩვენ პირველად ყველა ნომინანტს, რომელიც დღეს აქ გამოვლინდა, პარლამენტის სახელით მადლობის სიგელი გადავეცით იმ განსაკუთრებული ღვაწლისთვის, რომელსაც ისინი ქართული დიასპორის საკეთილდღოდ უცხოეთის ქვეყნებში ეწევიან და ჩვენ მათ მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, — განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სტუმრები უცხოეთიდან.
პროექტის – „წარმატებული ემიგრანტი ქალები“ კვირეული საქართველოს პარლამენტში დაიწყო. ქალბატონებს ქალაქ თბილისის საკრებულომ და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლეს, რის შემდეგაც გამრეკელის გალერეაში გაიმართა ემიგრანტი ქალების ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის და ორგანიზაცია „მე დავბრუნდების“ ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა.
წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონია საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა. როგორც ორგანიზატორების აცხადებენ, ის ტრადიციული გახდა და ყოველ წელს გაიმართება.