მეცნიერები საქართველოს სეისმური რუკის განახლებაზე მუშაობენ

CC BY 2.0 / Ray Bouknight / Seismographსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სამშენებლო კომპანიები იმ სეისმური რუკის მონაცემებით ხელმძღვანელობენ, რომელიც 2010 წლიდან არ განახლებულა

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ქართველი მეცნიერები მუშაობენ საქართველოს სეისმური რუკის განახლებაზე, რომელიც სეისმური საფრთხის გრძელვადიანი პროგნოზირებისთვის არის აუცილებელი, განაცხადა  „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ.

ეს რუკები აჩვენებს, თუ რა მაქსიმალური სიდიდის მიწისძვრა შეიძლება მოხდეს გარკვეულ ტერიტორიაზე. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სეისმური რუკები 5 წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს.

„ცნობილია, რომ სეისმურად აქტიური ქვეყანა ვართ… მიწისძვრის ინტენსივობას ბალებში განვსაზღვრავდით, თუმცა უკვე ათეული წლებია, მსოფლიო ასე არ აფასებს მიწისძვრის სიძლიერეს… მეცნიერების განვითარებასთან ერთად, რუკებიც იცვლება. ამიტომ რუკა უნდა განახლდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ“, — განაცხადა გოდოლაძემ.

ახალი მშენებლობები საბურთალოს რაიონში - Sputnik საქართველო
სამშენებლო ბუმი თუ სასიკვდილო განაჩენი - სეისმოლოგები განგაშს ტეხენ

მიწისძვრის ინტენსივობის სკალა ბალებში ეფუძნება მიწისქვეშა ბიძგის გარე გამოვლინებებს (ზემოქმედება ადამიანებზე, საგნები, ნაგებობები, ბუნებრივი ობიექტები). დღეს კი პირველ რიგში მიწისძვრის მაგნიტუდა განისაზღვრება. ეს არის სიდიდე, რომელიც ახასიათებს იმ ენერგიას, რომელიც მიწისძვრის დროს სეისმური ტალღების სახით გამოიყოფა.

როდესაც მიწისძვრა ხდება, თავიდან ცნობილი ხდება სწორედ მისი მაგნიტუდა, რომელიც სეისმოგრამებით განისაზღვრება, და არა მისი ინტენსიურობა, რომელიც მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ დგინდება.

გოდოლაძემ გაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში სამშენებლო ნორმები სეისმური რუკებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვრებოდეს. 

1948 წლის რუკის თანახმად, შესაძლო მიწისძვრების თვალსაზრისით ყველაზე საშიში იყო ჯავახეთის მხარე. ის 8-ბალიან ზონას განეკუთვნება. საქართველოს ცენტრალურ ნაწილს მეცნიერები მაშინ 7-ბალიან ზონას აკუთვნებდნენ, ხოლო კავკასიონის ქედს — 6-ბალიანს.

„ანუ, ჩვენი ზონა იმ პერიოდში საკმაოდ დაბალი სეისმური აქტიურობით გამოირჩევა. 1978 წელს უკვე მოხდა ცნობილი მიწისძვრები, მაგალითად, დაღესტანში… ამის გამო არსებული მდგომარეობა შეიცვალა და ერთი რვაბალიანი ზონის ნაცვლად გაჩნდა უკვე სამი ზონა“, — აღნიშნა გოდოლაძე.

მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები თბილისში 10-ჯერ გაიზრდება

შემდგომში რაჭის 1991 წლის მიწისძვრამ არსებული რეალობა სრულიად შეცვალა და კავკასია მთლიანად ცხრაბალიან ზონაში მოექცა. სპიტაკის მიწისძვრის გამო ჯავახეთიც ცხრაბალიან ზონაში მოხვდა, თუმცა მისი ცენტრალური ნაწილი რვაბალიანია, ხაზგასმით აღნიშნა გოდოლაძემ.

მისი თქმით, 1999 წელს ქართველ მეცნიერთა გუნდმა ქვეყნის სეისმური რუკის განახლებაზე მუშაობა დაასრულა და 2010 წელს ის საკანონმდებლო დონეზე დაამტკიცეს.

იმ დროიდან სეისმური რუკა არ განახლებულა, და სწორედ ამ რუკით ხელმძღვანელობენ დღემდე სამშენებლო კომპანიები, აღნიშნა გოდოლაძემ.

განახლებული რუკის შექმნაზე, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, ქართველი მეცნიერები აშშ-ის დაფინანსების დახმარებით მუშაობენ.


ყველა ახალი ამბავი
0