თვითმმართველობის რეფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.
თვითმმართველობის უფლებამოსილება, ფინანსები, ანგარიშგება
კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს რეგიონებს შორის ცხოვრების დონის უთანასწორობის აღმოფხვრა წარმოადგენს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში, სოფლად მცხოვრებ ხალხს აიძულებდა, დაეტოვებინათ თავიანთი სოფელი, წასულიყვნენ ქალაქში, ბევრმა მათგანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომ რეგიონებს შორის ცხოვრების დონის უთანასწორობა აღმოვფხვრათ", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით დიდი გადადგმული ნაბიჯი გახდა 2014 წელს მიღებული თვითმმართველობის კოდექსი, რომელმაც ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოები შექმნა.
„ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ცვლილები — სწორედ ეს არის ის მთავარი ღერძი, ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აიგოს რეფორმის შემდგომი ნაბიჯები. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ დეცენტარალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიულ ხედვას, რომლის მიზანიც არის ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება და განმტკიცება“, — ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, აღნიშნული ხედვა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს.
„პირველი — თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება; მეორე — თვითმმართველობას, მეტი ეფექტიანობისთვის, უნდა ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და ის თანდათან გადანაწილდება თვითთმმართველობებში; მესამე — თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლეს პრინციპებს, სტანდარტებს, უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების, მართვის პროცესში. რა თქმა უნდა, ამ სამივე ღერძის ერთობლიობა მოგვცემს სრულიად სხვა, თვისობრივ შედეგს თვითმმართველობაში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილმა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაც აღნიშნა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეხმარებიან. მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე ძალიან რთული იქნებოდა 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსის მიღება. იმედს გამოთქვამ, რომ საერთაშორისო პარტნიორები განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმის მეორე ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეც“, — ხაზგასმით აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ასევე უმთავრესი წინაპირობაა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ხალხის აქტიური ჩართულობა. კვირიკაშვილმა აღნიშნული მიმართულებით პარლამენტის ყველა წარმომადგენელთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ახალი კონსტიტუცია, საჯარო სამსახურები, დეცენტრალიზაცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ მთავრობა არ შეასრულებს ლოკომოტივის როლს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გატარება ძალიან გართულდება.
კობახიძის თქმით, დემოკრატიული და ეფექტიანი სისტემის ფორმირების დეცენტრალიზაცია ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს წარმოადგენს.
„იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა იყოს ბოლომდე გამართული, ამას ესაჭიროება რამდენიმე ძირითადი პირობის შესრულება. ერთ-ერთი პირობა ჩვენ უკვე შევასრულეთ. საქართველომ მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ეს სისტემა ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების კლასიკურ საპარლამენტო მოდელს. შესაბამისად, ახალი რედაქციით იქმნება ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენთან დემოკრატიული პროცესები ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად“, — განაცხადა კობახიძემ.
სპიკერის თქმით, საჯარო სამსახურის რეფორმა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა მუდმივად დაიხვეწოს. კობახიძის თქმით, ამ კუთხით გასული წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.
„მიღებულ იქნა ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მათ შორის, მოწესრიგდა შრომის ანაზღაურების წესი“, — ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ქვეყანამ ევროპული ტიპის, რაციონალური საჯარო სამსახურის სისტემა მიიღოს.
„მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი ეს არის რა თქმა უნდა, სწორი ტერიტორიული მართვის სისტემის ფორმირება და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, რომელიც არის დემოკრატიული მმართველობის სისტემის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი. გარდა იმისა, რომ დეცენტრალიზაცია დაკავშირებულია მართვის ეფექტიანობასთან, დეცენტრალიზაცია არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გამყარდეს დემოკრატიული სისტემა, ჩამოყალიბდეს სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად“, — განაცხადა კობახიძემ.
აქედან გამომდინარე, კობახიძის თქმით, სახელმწიფო მართვის სისტემის განვითარებაში დეცენტრალიზაცია ორმაგ როლს ასრულებს.
პასუხისმგებლობა, რესურსები და გამჭვირვალობა
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, ზურაბ ალავიძის თქმით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია რვა წელზე იქნება გათვლილი. ალავიძემ დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის გაძლიერების რეფორმის სამი მიმართულება გამოყო.
„პირველ რიგში, ეს არის მეტი საქმე, მეტი პასუხისმგებლობა თვითმმართველობებს, მეორე არის მეტი რესურსები და ფინანსების განაწილება თვითმმართველობებში, ხოლო მესამე ძალიან მნიშვნელოვანი არის გამჭვირვალობა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, — განაცხადა ალავიძემ.
მინისტრის თქმით, პროცესში ჩართული იქნებიან როგორც უცხოელი პარტნიორები, ისე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.