თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ახალ პრეზიდენტად თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კალაძე ასოციაციას სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამ პოსტზე მან დავით ჯიქია შეცვალა. გადაწყვეტილება ასოციაციის მეექვსე ასამბლეაზეა მიღებული.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დელეგატს, ვინც მხარი დამიჭირა. ძალიან საპასუხისმგებლოა იყო თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ 2014 წლიდან მოყოლებული, თუმცა გამოწვევები და პრობლემები არსებობს, რომელთა დასაძლევად ინტენსიური მუშაობა მოგვიწევს. უნდა უზრუნველვყოთ მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რისთვისაც უნდა შეიქმნას შესაბამისი პლატფორმა და მექანიზმები“, — აღნიშნა კალაძემ.
ძლიერი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია ქვეყნის გაძლიერებისა და წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღნიშნა მან.
„ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მზად ვარ, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის“, — განაცხადა კახა კალაძემ.
„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია“ ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში 2004 წლის 17 დეკემბერს დაარსდა.
ასოციაციის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.