თამარ მეფის განსასვენებელი – ებრაელი მეცნიერის ვერსია

© Photo: Courtesy of M. Turiashviliთამარ მეფე
თამარ მეფე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კამათი თამარის საფლავის შესახებ საქართველოში ყველა დროში აქტუალურია. დღესაც კი, ზოგ შემთხვევაში, ლამის სიზმრის დონეზე ახსნილი ვერსიების განხილვა არ წყდება. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ თემაზე არსებული ყველაზე გავრცელებული და სარწმუნო ვერსიები. ერთი მათგანი ქართველ ებრაელ მეცნიერს იცხაკ დავიდს ეკუთვნის.

ჩვენ დავუკავშირდით ისტორიკოსს, სასულიერო სემინარიის პროფესორს, ქალბატონ ნინო თომაძეს, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით იცხაკ დავიდის ვერსიას ემხრობა. ის პირადად იცნობს ებრაელ მეცნიერს, რომლის ნაშრომებზე წიგნიც აქვს გამოცემული, უფრო მეტიც, მისი ნაშრომები ქართულმა საზოგადოებამ პირველად სწორედ ქალბატონი ნინოს მეშვეობით გაიცნო.

© FB / Nino Tomadzeნინო თომაძე
ნინო თომაძე - Sputnik საქართველო
ნინო თომაძე

– ქალბატონო ნინო, როდის გაიცანით ბატონი იცხაკ დავიდი?

— გულახდილად გეტყვით, რომ იცხაკ დავიდის ნაშრომები ქართულ სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად მე შემოვიტანე. ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ჩვენებური ქართველი ებრაელი, თბილისში დაბადებული და გაზრდილი, სოლოლაკელი გახლავთ. „დიდი ალიას“ დროსაა საქართველოდან წასული. მას ტელეფონით მაშინ ვესაუბრე, როცა ვაშინგტონში იყო, 1999 წელს კი პირადად შევხვდი. მისი ნაშრომების უფრო კარგად გაცნობის შემდეგ, 2003 წელს დაიბეჭდა ჩემი მონოგრაფია იცხაკ დავიდის ნაშრომების შესახებ.

თამარ მეფე - Sputnik საქართველო
მე, რომელიც თამარი ვარ: მეფე-ქალი და უიარაღოდ დამარცხებული მრისხანე სალადინი

– თამარის საფლავთან დაკავშირებით არსებული ვერსიებიდან თქვენ იცხაკ დავიდის ვერსიას მიიჩნევთ ყველაზე რეალისტურად?

— საფლავის მდებარეობის ორივე ვერსიას – გელათში და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში – აქვს არსებობის უფლება. მე ჯვრის მონასტრის ვერსია მიმაჩნია ყველაზე რეალისტურად. რადგან თამარის საფლავი აღმოჩენილი არ არის, სხვა დანარჩენი ვერსიები უფრო ხალხურ ზეპირსიტყვიერებას განეკუთვნება. არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ფართო მკითხველისთვის. 1976 წელს ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა ქართველთა და ებრაელთა სამეცნიერო ექსპედიცია, რომლის წევრი იყო სწორედ მეცნიერი იცხაკ დავიდი (დავითაშვილი). თავის თხზულებაში „ნაწერები“ იცხაკ დავიდი მიუთითებს, რომ ჯვრის მონასტრის კვლევისას ბერძენმა ბერებმა მოუთხრეს მონასტრის იატაკის ქვეშ არსებული ქართველი წარჩინებული ქალის და კაცის სამარხების შესახებ. ექსპედიციის წევრებმა აშკარად შენიშნეს იატაკის ქვეშ არსებული დიდი სიცარიელე, რაც აქ ნეკროპოლის არსებობის დაშვების შესაძლებლობას აფიქსირებდა. დაინახეს რა დიდი ინტერესი ამ სავარაუდო ნეკროპოლისადმი, ბერძნებმა იქ ჩასასვლელი გზა მალე კარადითა და სხვა ნივთებით დაფარეს.

© FB / The Royal Club Of Georgia გიორგი III და თამარ მეფე. ყინწვისის ფრესკა
გიორგი III და თამარ მეფე. ყინწვისის ფრესკა - Sputnik საქართველო
გიორგი III და თამარ მეფე. ყინწვისის ფრესკა

– ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული სიტუაცია ყველასთვის ცნობილია და, სამწუხაროდ, ბერძნული მხარის გამო იქ რაიმე ქართული კვლევის ჩატარება დღემდე სირთულეებთანაა დაკავშირებული…

— დიახ, მოგეხსენებათ, ბერძნებმა ისარგებლეს რა იმ დროინდელი დაშლილი საქართველოს მძიმე პოლიტიკური მდგომარეობით, ჯვრის მონასტერი XVII საუკუნის ბოლოს ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში. ისინი პრაქტიკულად ყოველთვის ცდილობდნენ მიეჩქმალათ ქართველთა კვალი ამ დიდებულ სავანეში და მის ბერძნულ წარმოშობასთან დაკავშირებით საკუთარ თეორიებს ავითარებდნენ. ეს ტენდენცია დღესაც შენარჩუნებულია, რაც აქ ქართველ მეცნიერთა სერიოზულ მუშაობას შეუძლებელს ხდის. ქართველ ისტორიკოსებს დახშული აქვთ მონასტრის კვლევისთვის აუცილებელი გზები ბერძენთა თვითნებობისა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური უმწეობის გამო.

ცხენის ნალი - Sputnik საქართველო
თამარ მეფის უსასტიკესი სასჯელი, ანუ ერთ ნალზე გაცვლილი მელიქი

– თამარის იერუსალიმში დაკრძალვის შესახებ ფრანგი ჯვაროსნის — დე ბუას წერილი არსებობს…

— დიახ, ეს ვერსია მუსირებს ლაშა-გიორგის მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობასთან მიმართებაში. კერძოდ, ჯვაროსანი დე ბუა წერს, თითქოს ლაშა ქართული ჯარით ჯვაროსნების დასახმარებლად იერუსალიმში წასულა და თან დედის, თამარის ნეშტი წაუღია მისი ანდერძისამებრ იქ დასაკრძალად. ეს ინფორმაცია ეყრდნობა საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ დოკუმენტურ მასალას, სადაც აღმოჩნდა ფრანგი ჯვაროსნის — დე ბუას წერილი. ფრანგი რაინდი ბეზანსონის არქიეპისკოპოს ამადე დე ტრემლეს შემდეგს ატყობინებდა: „გავიგეთ და სანდო მაცნეთა წყალობით ჭეშმარიტად მივითვალეთ, რომ ვიღაც ქრისტიანები იბერიიდან, რომელთაც გეორგიანებს (ქართველებს) უწოდებენ, ღვთის შემწეობით შეგონებულნი, უთვალავი მეომრით უშიშრად აღსდგენ ურწმუნოთა წინააღმდეგ. მათი თექვსმეტი წლის მეფე მსგავსია ალექსანდრესი (მაკედონელისა) შემართებითა და მოკრძალებით, რწმენით კი არა. ამ ახალგაზრდას მოაქვს დედამისის, უძლიერესი დედოფლის თამარის ძვლები, ვინაიდან (თამარს) მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა, იერუსალიმში წასულიყო და მისი ძვლები უფლის საფლავის ახლო დაეკრძალა. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა ურწმუნოთა ნება-სურვილის მიუხედავად“. ამ დოკუმენტის ქართული თარგმანი 1929 წელს ზურაბ ავალიშვილმა პარიზში გამოაქვეყნა. თუმცა, როგორც ამბობენ, თავად ბატონ ზურაბს ფრანგი ჯვაროსნის ამ ცნობის არ სჯეროდა.

მიხაი ზიჩი - Sputnik საქართველო
სად არის დაკრძალული თამარ მეფე

– საბოლოოდ თუ არსებობს რაიმე ისტორიული ცნობა, რაც ამ ვერსიას უკუაგდებს?

— ახლავე მოგახსენებთ: გარკვეული მოსაზრების თანახმად, პოლიტიკური არეულობის გამო მეფე ლაშა-გიორგიმ (1192-1223) იერუსალიმს ვერ ჩააღწია და თამარი კუნძულ კვიპროსზე, ქართველების მიერვე აშენებულ ღალიის მონასტერში დაკრძალა. თუმცა რამდენიმეწლიანმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ვერც ეს დაადასტურა. ამავე დროს არსებობს თამარის ასულის რუსუდანის (1194-1245) წერილი რომის პაპის ჰონორიუს მესამისადმი (სავარაუდოდ, 1222-23 წლის), სადაც რუსუდანი წერს, რომ ვატიკანის თხოვნის მიუხედავად, მისი ძმა, მეფე ლაშა-გიორგი ვერ წავიდა დუმიატში (ეგვიპტე) ქრისტიანი ჯვაროსნების დასახმარებლად. „წასვლის მზადებაში იყო, როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში“. რუსუდანის ეს წერილი ეჭვქვეშ აყენებს დე ბუას წერილს, რომ ლაშა გიორგი ნამდვილად გაემგზავრა იერუსალიმისკენ და თან დედის ძვლები წაიღო. ზოგი ისტორიკოსი (შ. ამირანაშვილი, შ. ლომსაძე) მიიჩნევდა, რომ თამარი დამარხეს იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში. მათი აზრით, მხცოვანი შოთა რუსთაველი სწორედ ამ ფაქტის გამო წავიდა და აღესრულა იერუსალიმში. შოთას ფრესკა იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერშია, რის გამოც დღესაც უამრავი კამათი და დავა მიდის როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებსა და სასულიერო პირებს შორის. ვინ იცის, იქნებ მართლაც ჯვრის მონასტერშია თამარის და მისი მოთაყვანე რუსთაველის საფლავები? გვეღირსება კი ოდესმე ჩვენი საისტორიო მემკვიდრეობის დაბრუნება, რაც უამრავ სიბნელით მოცულ ამბავს ახდიდა ფარდას…

ყველა ახალი ამბავი
0