თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მაღალმთიანი დასახლებებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით კიდევ 15 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს – გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მეშვიდე სხდომაზე მიიღეს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას დაემატება სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების 15 სოფელი, კერძოდ: საკირე, ტაძრისი, ხანი, ლიჩი, მუხურა, მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი, წყალშავი, ზვარე, ჩრდილი, საწისქვილო, გედსამანია, ღოღეთი და ბრდაზორი.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის თანახმად, მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ სიმაღლეზე და ზევით მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრზე ქვევით მდებარე დასახლებამაც მიიღოს.
კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებია: პენსიონერები და სოციალური პაკეტის მიმღები პირები სოციალური დახმარების სახით ყოველთვიურად მიიღებენ დანამატს, შესაბამისად, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის არანაკლებ 20%-ს; სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმი სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობის, ხოლო ექთანი პენსიის ერთმაგი ოდენობის ყოველთვიურ დანამატს; აბონენტებს არაუმეტეს 100 კილოვატი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში ელექტროენერგიის საფასურის 50% აუნაზღაურდებათ; ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლები მიიღებენ ხელფასის 35%-იან დანამატს. ეს იმ შეღავათების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ითვალისწინებს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე მოიწონა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2018-2022 წლების სტრატეგიის" პროექტი, რომელიც განსაზღვრავს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარმოადგინა 2017 წლის ანგარიში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობის თაობაზე.
„2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათების გასაწევად სულ გამოიყო 66 160 379.56 ლარი. აღნიშნული შეღავათებით ისარგებლა 7 272-მა ოჯახმა, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში შეეძინათ შვილი; 69 803-მა პენსიონერმა; 14 150-მა სოციალური პაკეტის მიმღებმა; 574-მა ექიმმა და 989 ექთანმა; 11 395-მა პედაგოგმა; 295-მა სპორტის სფეროში დასაქმებულმა მწვრთნელმა; 77 973-მა ოჯახმა – მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათით", — აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს ზამთრის პერიოდში 15 კუბური მეტრი შეშით სარგებლობის უფლება მიეცათ. ამასთან, საჯარო სკოლები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილი იყო გაზრდილი ვაუჩერით. ფიზიკური პირი კი გათავისუფლდა საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან; ხოლო მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე გათავისუფლდა მოგების და ქონების გადასახადებისგან.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონი, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, მიმართულია მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ, ცხოვრების დონის ამაღლებისკენ, დასაქმების ხელშეწყობის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. კერძოდ, გათვალისწინებულია საგადასახადო, სოციალური შეღავათები, მაღალმთიანი მოსახლეობის განვითარების ფონდის შექმნა.