თბილისი, 2 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო კვირაში თბილისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის საქმეები გახსნეს — სუვენირებისა და საიუველირო მაღაზიებზე, ტაქსის მძღოლზე და რიგით მოქალაქეზე, განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.
აბანოსა და გორგასლის ქუჩებზე საიუველირო და სუვენირების მაღაზიებზე თავდასხმისთვის პოლიციამ ერთი მამაკაცი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათ საღამოს ნიღბიანი ადამიანი იარაღით ხელში შეიჭრა მაღაზია „ვერცხლეულობაში", სამი ვიტრინიდან 15 ათასი ლარის ღირებულების სამკაული გაიტაცა და ადგილიდან მიიმალა.
იმავე დღეს ის სუვენირების მაღაზიაშიც შეიჭრა.
შსს-ს ცნობით, მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ყაჩაღობა", რაც ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამას გარდა, სამართალდამცველებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტაქსის მძღოლზე თავდასხმის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს.
დანაშაული ორშაბათს მოხდა. ბოროტმოქმედებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული წაართვეს და მიიმალნენ. შსს აღნიშნავს, რომ ერთი დაკავებული ადრე ნასამართლევია.
ერთ-ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი ამოიღეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ყაჩაღური თავდასხმა პირთა ჯგუფის მიერ", რომელიც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება.
შსს-მ თბილისში კიდევ ერთი დანაშაული გახსნა — მოქალაქეზე თავდასხმა 14 თებერვალს წმინდა ნიკოლოზის ტაძართან ახლოს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ თბილისელ ნოდარ ვარძელაშვილს და მას ოთხჯერ ესროლეს, შემდეგ კი მიიმალნენ. თუმცა, შსს-ში აღნიშნეს, რომ დაშავებულს ერთხელ, მუცლის არეში ესროლეს.
სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ადრე ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას ითვალისწინებს, ასევე ყაჩაღობის მუხლით. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.
მთლიანობაში, თბილისსა და იმერეთში ყაჩაღობის ბრალდებით ბოლო პერიოდში სულ შვიდი ადამიანი დააკავეს.