მომავალი სასწავლო წლიდან შესაძლოა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხანგრძლივობა შემცირდეს

© photo: Sputnik / Stringerთსუ
თსუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რომელ ფაკულტეტებს და საგანმანათლებლო პროგრამებს შეეხება აღნიშნული ცვლილებები.

თბილისი, 27 თებერვალი —Sputnik. უმაღლეს სასწავლებლებში გარკვეულ პროფესიებზე სწავლების ხანგრძლივობა შესაძლოა შემცირდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კერძოდ, ცვლილებების შემდეგ, ბაკალავრიატში რამდენიმე მიმართულებაზე სწავლის ხანგრძლივობა 4-დან 3 წლამდე შემცირდება, ხოლო მაგისტრატურაში სწავლა 2 წლის ნაცვლად —  1 წლამდე ან წელიწადნახევრამდე შემცირდება.

სტუდენტებმა შემცირებული ხანგრძლივობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია უკვე 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყონ. ეს დამოკიდებულია შესაბამისი კანონის ამოქმედებაზე და უნივერსიტეტების მიერ შესაბამისი პროგრამების შემუშავებაზე.

ჯერჯერობით უცნობია ის კონკრეტული მიმართულებები და სფეროები, რომლებსაც ცვლილებები შეეხება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას თქმით, ეს საკითხი ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებას საჭიროებს.

თსუ-ის პირველი კორპუსი - Sputnik საქართველო
სკოლის შემდეგ: უმაღლესი და პროფესიული განათლების პრიორიტეტები

„ეს არის პროფესიები, სადაც სწავლების მოკლე ციკლი შესაძლებელია. შრომის ბაზარზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის, ეს მოკლე ციკლის პროგრამები კი მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ მალე შევიდნენ ბაზარზე. ეს არის უნივერსიტეტებთან ერთად მომზადებული კანონპროექტი“, – განაცხადა მურღულიამ.

ამასთან ერთად, როგორც მან აღნიშნა, მოკლე ციკლის პროგრამები არ ნიშნავს, რომ სტუდენტი ცუდად, ან ნაკლებს ისწავლის.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. ცვლილებები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ამ ეტაპზე კი კანონპროექტი პარლამენტშია და, სავარაუდოდ, მარტში მისი განხილვა დაიწყება.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ 6 თვის განმავლობაში დადგინდება 180-კრედიტიანი საბაკალავრო და 90-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, მათი კრედიტების მოცულობა და შინაარსი.

საქართველო უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, ბოლონიის პროცესს 2005 წელს შეუერთდა.

ქალთა პირველი ბიზნეს-ფორუმი აჭარაში - Sputnik საქართველო
უდიპლომოდ, მაგრამ დასაქმებული - დასახელდა საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

ბოლონიის პროცესი უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემის შემოღებას და საკრედიტო სისტემის შესაბამისად კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას ითვალისწინებს: ბაკალავრიატი — 180-240 კრედიტი, მაგისტრატურა — 90-120 კრედიტი, დოქტორანტურისთვის კი არ არსებობს კრედიტების დადგენილი სისტემა. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.

საქართველოში დღეს არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემით, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან.  მაგისტრატურის კი — არანაკლებ 120 კრედიტისგან. შესაბამისად, ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამა არანაკლებ ოთხ, ხოლო მაგისტრატურის — არანაკლებ ორ სასწავლო წელზეა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ  ამერიკის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების დიდი ნაწილი სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან, ან წელიწადნახევრიან სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0