თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ევროკავშირიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს, განაცხადა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ (Imedi) ეთერში.
ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის მარტში შემოიღო. იმ დროიდან ამ რეჟიმით ქვეყნის 220 000-მა მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებითი დაბრუნების გზით საქართველოში 2000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა. გარდა ამისა, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა და არალეგალების რიცხვის ზრდით შეშფოთებულია, მათ შორის არის გერმანია, ისლანდია და შვედეთი.
რეხვიაშვილის თქმით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში“ ჩართვას სამშობლოში იძულებით დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე შეძლებს.
„პროგრამა წარმატებით ხორციელდება, გამომდინარე იქიდან, რომ 95-98% დაფინანსებული პროექტებისა, მუშაობს და პროგრამით მოსარგებლე პირთა ხელახალ ემიგრაციაში წასვლა არ ფიქსირდება. პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთის 4 000 ლარი არის გამოყოფილი, რაც შეიძლება მოხმარდეს როგორც ჯანდაცვის კუთხით დაფინანსებას, ისე საშემოსავლო პროექტებს“, — განაცხადა რეხვიაშვილმა.
პროგრამა 2011 წლიდან მოქმედებს და სამშობლოში დაბრუნებულ პირებს წლის განმავლობაში მედიკამენტების და სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, სოციალური პროექტების დაფინანსებას, პროფესიულ გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფას სთავაზობს.
2018 წელს პროგრამის განსახორციელებლად 650 000 ლარი გამოიყო.
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება თებერვალში მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მას თავად დაეკისრება.
გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებაც, რადგან ზოგიერთი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გადადის ნათესავის გვარზე და შემდეგ ისევ ევროკავშირის ქვეყნებში ბრუნდება.
საქართველოს შსს ასევე აპირებს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის გაღრმავებას, განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. საპოლიციო ატაშეების ინსტიტუტის მეტი აქტიურობისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირის ქვეყნებს ეწვევა.
მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებასაც აპირებს, რომლის მიზანი იქნება მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა საფრთხეებს უკავშირდება სავიზო რეჟიმის დარღვევა და ასევე რა მოჰყვება ამ დარღვევებს, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.