თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იანვარ-ნოემბრის პერიოდში 3 ათას 645 საქართველოს მოქალაქეა დეპორტირებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
საგარეო უწყების ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი ქართველის დეპორტაცია განხორციელდა თურქეთიდან — 1 651 ადამიანი. ისრაელიდან სამშობლოში 413 ადამიანი დააბრუნეს. საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მიხედვით სამეულს გერმანია ასრულებს — 395 ადამიანი.
რუსეთიდან საქართველოში 11 თვის განმავლობაში 228 ადამიანი დააბრუნეს.
იმ ქვეყნების ტოპ-ათეულში, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა ევროპის ქვეყნებიც შედიან — საფრანგეთი (147 ადამიანი), შვედეთი (109 ადამიანი), იტალია და შვეიცარია (77-77 ადამიანი), ავსტრია და ბელგია (60-60 ადამიანი), ესპანეთი (59 ადამიანი), პოლონეთი (57 ადამიანი), საბერძნეთი (56 ადამიანი), ნიდერლანდები (53 ადამიანი).
მონაცემები 11 თვის — 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით — ვითარებას ასახავს.
საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების განხორციელება 28 მარტიდან შეუძლიათ. შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნა დასაშვებია არაუმეტეს 90 დღისა. უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლებას არ იძლევა.
მსგავსი უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს თურქეთთან და ისრაელთან.