თურქული ჰოლდინგი საქართველოში ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

© photo: Sputnikქარის დანადგარები რიკოთის უღელტეხილთან
ქარის დანადგარები რიკოთის უღელტეხილთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენებით რიგი პროექტების რეალიზებას აპირებენ, მისი პოტენციალი ქვეყანაში 1,5 გიგავატად ფასდება.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. თურქული ენერგოჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი" (Calik Enerji) შიდა ქართლში ქარის ელექტროსადგურს ააშენებს — ასეთია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თურქეთში ვიზიტის პირველი შედეგები.

ეკონომიკის მინისტრს თურქეთში ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან მეჰმეთ შიმშექთან, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ მურატ ჩეთინქაისთან, ასევე მთავრობის სხვა წევრებთან. ვიზიტის ფარგლებში ქუმსიშვილი განიხილავს ძირითად მიმართულებებს სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ტრანსპორტის სფეროებში.

ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში ქარის ორ ელექტროსადგურს თურქული კომპანია ააშენებს

„დავასრულეთ მოლაპარაკებები „ჩალიკ ენერჯის" დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან, რომლის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ შიდა ქართლში აშენდება ქარის ელექტროსადგური 50 მეგავატი სიმძლავრით, რომლის ინვესტიცია 75 მილიონი დოლარი იქნება", — განაცხადა ქუმსიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინფორმაცია ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ აჰმედ ჩალიკმაც დაადასტურა.

„შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და, რაც მთავარია, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ "ჩალიკ ენერჯი" საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას ქარის ენერგიაში და მზის ენერგიაში. ამ ეტაპზე პირველი ინვესტიცია ქარის ენერგიაში განხორციელდება", — განაცხადა ჩალიკმა.

უფრო ადრე თურქულმა კომპანიამ Calik Enerji საქართველოში 170 მეგავატამდე ჯამური სიმძლავრის ქარის ორი ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაზე იმუშავა. 50 მეგავატამდე სიმძლავრის ერთი სადგური კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში აშენდება, მეორე — 120 მეგავატამდე სიმძლავრის — საჩხერეში.

თბოელექტროსადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში კიდევ ერთ კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს ააგებენ

2016 წლის ოქტომბერში გორში 20,7 მეგავატის დადგმული სიმძლავრის პირველი ქარის ელექტროსადგური „ქართლი" ამოქმედდა. სამომავლოდ ელექტროსადგურის სიმძლავრე 300 მეგავატამდე შეიძლება გაიზარდოს.

პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტის რეალიზაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 24 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, ხოლო ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ — 10 მილიონი აშშ დოლარი.

„ჩალიკ ენერჯი" მონაწილეობდა საქართველოში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ტიპის პირველი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0