თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თურქული კომპანია Calik Enerji საქართველოში 170 მეგავატამდე ჯამური სიმძლავრის ქარის ორი ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას ივნისში დაასრულებს, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში ქარის ელექტროსადგური „ქართლის" დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა.
მისი თქმით, 50 მეგავატამდე სიმძლავრის ერთი სადგური კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში აშენდება, მეორე — 120 მეგავატამდე სიმძლავრის — საჩხერეში.
„ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ამ თვეში დასრულდება და, შესაბამისად, შემდეგ დაიწყება მთავრობასთან პროექტის პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. მშენებლობა დაიწყება, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება", — განაცხადა „ქართლის" დირექტორმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ ააშენებს ამ სადგურებს და რა დაჯდება პროექტი, ჯერჯერობით არ ვრცელდება. სპეციალისტების შეფასებით, ერთი მეგავატის სიმძლავრის განვითარება დაახლოებით 1,2-1,3 მილიონი აშშ დოლარი ჯდება.
„ვფიქრობთ, რომ წელს 50 მეგავატამდე სიმძლავრის სადგურის მშენებლობა უნდა დაიწყოს, რომელსაც ან თავად Calik Enerji ააშენებს, ან კონტრაქტორს დაიქირავებს", — განაცხადა თორნიკე ყაზარაშვილმა.
150 მეგავატამდე სიმძლავრის კიდევ ერთი ქარის ელექტროსადგურის აშენება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში იგეგმება.
2016 წლის ოქტომბერში გორში 20,7 მეგავატის დადგმული სიმძლავრის პირველი ქარის ელექტროსადგური „ქართლი" ამოქმედდა. სამომავლოდ ელექტროსადგურის სიმძლავრე 300 მეგავატამდე შეიძლება გაიზარდოს.
პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტის რეალიზაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 24 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, ხოლო ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ — 10 მილიონი აშშ დოლარი.
2016-2025 წლების ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ იგეგმება ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელთა ადგილმდებარეობა და ტექნიკური პარამეტრები მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების საფუძველზე განისაზღვრება.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან" ერთად ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა ქვეყანაში ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების განვითარების მიზნით დაიწყო. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, რომლის მინიმალური დადგმული სიმძლავრე 1500 მეგავატს შეადგენს.