საფრთხედ ქცეული გარჯა, ანუ როცა შრომა კლავს...

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს მთავრობის წევრები ანაკლიის პორტის გახსნის ცერემონიაზე
საქართველოს მთავრობის წევრები ანაკლიის პორტის გახსნის ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ გახშირდა სამუშაო ადგილებზე ტრაგიკული შემთხვევები, რაზე ვერ თანხმდებიან სახელისუფლებო კაბინეტებში, რას არ ეთანხმება ბიზნესი და როდის იქნება შრომა უსაფრთხო?

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა, 26 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა… სოფელ რუხში საავადმყოფოს მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა… თემქაზე მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა, ექიმებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა ვერ შეძლეს! — ეს ბოლო ორი თვის მანძილზე სამუშაო ადგილებზე ტრაგიკული შემთხვევების არასრული ქრონიკაა. შვიდი წლის სტატისტიკური მონაცემები მძიმეა და სერიოზულად დაფიქრებას ითხოვს. 270 დაღუპული და 776 დაშავებული — ეს 2011-2016 წლებში სამუშაო ადგილებზე ტრაგიკული შემთხვევების შედეგია. პროფესიული კავშირების ინფორმაციით, გასულ წელს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 63 მძიმედ დაშავდა. უმრავლესობა მშენებლობაზე იყო დასაქმებული. არასამთავრობო ორგანიზაციები, სპეციალისტები, ექსპერტ-ანალიტიკოსები ამ ფაქტებს პირდაპირ ან ირიბად საქართველოში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არაეფექტიან საქმიანობას უკავშირებენ…

შრომის უსაფრთხოება - Sputnik საქართველო
შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის 1209 მსხვერპლი – რატომ სდუმან კანონმდებლები

ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას აღიარებს. უწყების პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, რომ ამჟამად საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს, უკვე შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტის სამუშაო ვერსია. მათი განმარტებით, დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტი საერთაშორისო დირექტივებს უპასუხებს, გაცილებით ეფექტიანი იქნება შრომის ინსპექციის მუშაობა, რაც გააუმჯობესებს დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და მათ უფლებრივ მდგომარეობას სამუშაო ადგილებზე. ახალი ინიციატივის თანახმად, მკაცრი რეგულაციები შეეხება იმ საწარმოებს, სადაც შრომის პირობები მძიმე, მავნე და საშიშია. თუმცა, როგორც ირკვევა, მთავრობას სურს ცვლილებები მხოლოდ მომეტებული საფრთხის საწარმოებზე გავრცელდეს. დავინტერესდი, რა ბედი ეწია საკანონმდებლო „ცვლილებათა პაკეტს“, რომელმაც არსებული ვითარება რადიკალურად უნდა შეცვალოს. გავარკვიე, რომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს 5 თებერვალს მეორე მოსმენით უნდა განეხილა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტი, თუმცა საქართველოს მთავრობამ შიდაუწყებრივი პოზიციების შეჯერებისათვის დამატებით დრო ითხოვა და განხილვაც გაურკვეველი ვადით გადაიდო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მთავრობას მოუწოდებენ, დროულად შეაჯეროს პოზიციები, რათა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით თებერვლის ბოლომდე განიხილონ.

მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - შრომის უსაფრთხოება საქართველოში

ბექა ნაცვლიშვილი: „კომიტეტში მეორე მოსმენით უნდა განხილულიყო შრომის ინსპექციის საკითხი, თუმცა გადაიდო. მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც უნდა წარმოედგინა კანონპროექტი, არ გამოცხადდა. თუ ეს დაკავშირებული იყო ბიზნესის ინტერესებთან და მთავრობას უკვე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა მოუწია, ძალიან სამწუხაროა. თუ ეს განპირობებული იყო თავად მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს კიდევ უფრო სამწუხაროა. ბიზნესის არც ერთი მოგება, არც ერთი თეთრი ბიუჯეტში არ ღირს არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ. მოვუწოდებ მთავრობას, რომ თებერვლის ბოლომდე მაინც მოხდეს ამ საკითხის განხილვა კომიტეტის ფარგლებში და შემდგომ უკვე ამ სასესიო პერიოდში მივიღოთ ეს კანონი…“

შრომის უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც და ხაზს უსვამენ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას.

ახალი სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
უფლებადამცველები სთხოვენ ევროკავშირს საქართველოში დასაქმებულები დაიცვას

დიმიტრი ცქიტიშვილი: „უკვე 2012 წლიდან შრომის ისნპექტირების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის საკმარისი. მეტია გასაკეთებელი. კანონი მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავნერგოთ ამის კონტროლის მექანიზმი. რამდენიმე თვის წინ მთავრობამ მშენებლობის ადგილზე შრომის პირობების რეგლამენტი მიიღო, მაგრამ ეს შემდეგი ნაბიჯების გადადგმის გარეშე არ მუშაობს. ცალსახად ვუერთდები პროტესტს, რომელიც კანონპროექტის განხილვის შეფერხების დროს წამოვიდა მთავრობის მიმართ, და საკუთარ თავსაც მოვიაზრებ ამ კრიტიკის ქვეშ. მაგრამ შემდეგ კვირას კანონპროექტის განხილვაზე ჩვენ სრულყოფილად გვექნება მსჯელობის საშუალება. შრომის უსაფრთხოება ყველგან დაცული უნდა იყოს, მაგრამ კანონის გავრცელება ყველა სფეროზე ეტაპობრივად მოხდება…“

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის მიმართ ცალსახა პოზიცია გააჩნიათ საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში. აქ მიიჩნევენ, რომ კანონი აუცილებლად უნდა იცავდეს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას…

მუშები - Sputnik საქართველო
Human Rights Watch–მა საქართველოში შრომითი უფლებები შეაფასა

ნიკა ნანუაშვილი, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი: „საკითხი მართლაც ძალიან მძიმეა, ამ საკითხზე საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ ბიზნეს-ასოციაციაში. პოზიცია იყო, არის და იქნება ბიზნესის მხრიდან ცალსახა – უნდა დავიცვათ თუ არა სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების სიცოცხლე და ჯანმრთელობა? დიახ, უნდა დავიცვათ. აქ არ შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშანი, მაგრამ როგორ უნდა დავიცვათ კანონი, როგორი უნდა იყოს ეფექტური კანონი და მის თანახმად მიღებული ტექნიკური რეგლამენტები, ანუ კონკრეტული წესები, სადაც გაიწერება შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, როგორი უნდა იყოს მისი აღსრულების მექანიზმები – ეს არის განსჯის, მსჯელობის საგანი… ჩვენი პოზიცია საკმაოდ მარტივია: დღეს საქართველოში არის რამდენიმე ათეულობით ათასი კომპანია და 25 შრომის ინსპექტორი, რაც ხვალ–ზეგ შეიძლება იყოს 50 და ყველაზე კარგ შემთხვევაში – 75. ჩვენ თუ ვეცდებით, რომ გავაკონტროლოთ ყველა და ყველაფერი, ყურადღების მიღმა დაგვრჩება ის კრიტიკული ობიექტები, სადაც, როგორც წესი, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე, სადაც იღუპებიან ადამიანები. მაღაზიაში, ოფისში ადამიანს არ ემუქრება ის საფრთხე, რაც ემუქრება ქარხანაში, მშენებლობაზე, სამთო-მოპოვებით მრეწველობაში. ჩვენი პოზიციაა – გავაკონტროლოთ და შეზღუდული რესურსები მივმართოთ იქითკენ, სადაც ყველაზე დიდი საფრთხეა. ასე შევამცირებთ დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანების რაოდენობას დასაქმების ადგილზე…“

მუშა - Sputnik საქართველო
2018 წლის 1 მაისიდან სიმაღლეზე დასაქმებული ადამიანები შესაბამის სწავლებას გაივლიან

ერთი სიტყვით, რაც შეეხება კანონის გავრცელების არეალს, ბიზნეს-ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ კანონი უნდა ეხებოდეს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე და სახიფათო საწარმოებს და არა მომსახურების სფეროს.

ლოგიკურია, რომ შრომის უსაფრთხოების კანონში შესატან ცვლილებებზე რეკომენდაციებს აქვეყნებს ბიზნეს-ომბუდსმენიც. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, აუცილებელია კანონის ამოქმედების გონივრული ვადა, რაც ბიზნესს ახალი რეგულაციების გაცნობის ადეკვატურ დროს მისცემს; სანქციების რაოდენობა ბიზნესს დიდ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს; დამსაქმებელი და დასაქმებული თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ. აი, ასე, და არა სხვაგვარად… ხელისუფლება მსჯელობს როგორ უნდა დაიცვას დასაქმებული ისე, რომ არ „შეწუხდეს“ დამსაქმებელი… ამასობაში ადამიანები მშენებლობიდან უბრალოდ ცვივიან! 

ყველა ახალი ამბავი
0