თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. კვიპროსის პოლიციამ კუნძულის 47 წლის მკვიდრის ერნესტო ლეონიდისის მკვლელობის ბრალდებით 24 და 25 წლის საქართველოს მოქალაქეები დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
პირველი არხის ინფორმაციით, საუბარია გასულ კვირაში მომხდარ მკვლელობაზე. ლეონიდისი იმ დროს მოკლეს, როდესაც ის ქალაქ ლიმასოლის ერთ-ერთ რესტორანში სადილობდა. სასამართლომ დაკავებულებს 8-დღიანი დროებითი პატიმრობა შეუფარდა.
ლეონიდისის მკვლეოობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეების გარდა, სამართალდამცველებმა კვირას 36 წლის ლატვიის მოქალაქე აეროპორტ „პაფოსის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის კვიპროსის დატოვებას აპირებდა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ მანქანა, რომლითაც დამნაშავეები მკვლეოობის დღეს გადაადგილდებოდნენ, მას ეკუთვნის. ლატვიის მოქალაქე კი ამტკიცებს, რომ მან თავისი მანქანა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ათხოვა. პოლიცია მას უკვე ეძებს.
პოლიციამ ავტომობილი აღმოაჩინა და იდენტიფიცირება მოახდინა გაქირავების ცენტრში, რომლის მენეჯერია რუსეთის მოქალაქე, რომელიც ასევე დააკავეს ამ საქმეზე.
კვიპროსის პოლიცია საქართველოს კიდევ ერთ, 57 წლის მოქალაქეს ეძებს. გამოძიების მტკიცებით, ის ლეონიდისთან ერთად სადილობდა, როდესაც ის მოკლეს.
რაც შეეხება საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს, ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ რესტორანთან მანქანით მიიყვანეს სამი ადამიანი, რომლებსაც კვიპროსის მოქალაქის მკვლელობაში ედებათ ბრალი და მათ ქუჩაში, რესტორანთან ახლოს ელოდებოდნენ.
მათი თქმით, ისინი გაიქცნენ, როდესაც სროლის ხმა გაიგეს, ხოლო მანქანა ადგილზე დატოვეს. საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ მანქანა გაქირავების ცენტრში ლატვიის 32 წლის მოქალაქემ წაიყვანა, რომელიც ასევე იძებნება.
თუმცა, საქართველოს მოქალაქეების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია. ერთ-ერთი აცხადებს, რომ ისინი სახლში ფეხით წავიდნენ, ხოლო მეორემ განაცხადა დაკითხვაზე, რომ მათი მეგობრის ძმას დაურეკეს და სახლში წაყვანა სთხოვეს.